

სალომე ჯოხაძე - პროექტის კოორდინატორი
სალომე ჯოხაძე „უფლებები საქართველოს“ გუნდს 2021 წლის სექტემბერში შემოუერთდა. ის კოორდინაციას უწევს UNHCR-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტს - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“.
სალომეს კონსტიტუციური სამართლისა და ადამიანის უფლებების კუთხით მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია. „უფლებები საქართველოში“ საქმიანობის დაწყებამდე ის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტში წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებზე იყო დასაქმებული, 2017 წლიდან კი დაიკავა მთავარი სამართლებრივი მრჩევლის თანამდებობა. მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას მიეკუთვნებოდა როგორც საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში სამართლებრივი აქტების მომზადება და კვლევითი საქმიანობა, ისე შესაბამისი მენეჯერული ფუნქციების შესრულება.
სალომეს აგრეთვე გააჩნია სამოქალაქო სექტორში საქმიანობის გამოცდილება. კერძოდ, ის 2016 წელს სოციალური სამართლიანობის ცენტრში (ყოფილი EMC) ასრულებდა იურისტის/მკვლევრის ფუნქციებს. ამ რანგში მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა სოციალური და შრომითი უფლებების, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით კვლევითი საქმიანობა. ამასთანავე, სალომე ახორციელებდა საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებში და საქართველოს სახალხო დამცველთან სტრატეგიულ სამართალწარმოებას.
რაც შეეხება სალომეს განათლებას, მან 2014 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ხოლო 2020 წელს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU) მოიპოვა მაგისტრის ხარისხი შედარებით კონსტიტუციურ სამართალში.