შესვლა

უფლებადამცველთა უსაფრთხოების გზამკვლევი

16 აგვისტო, 2021

ადამიანის უფლებები და თავისუფლებები არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით არის აღიარებული და განმტკიცებულია ეროვნული კონსტიტუციებით. თუმცა პრაქტიკაში მათი რეალიზების კუთხით არაერთი გამოწვევა ვლინდება. ამ პირობებში უფლებადამცველების საქმიანობას საკვანძო მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული პროცესების განვითარებისათვის, დაუსჯელობასთან ბრძოლისათვის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ადვოკატირებისა და დაცვისათვის. 

საქმიანობა, რომელსაც უფლებადამცველები ეწევიან, შესაძლოა, თავად აქცევდეთ მათ რისკის ქვეშ. უფლებადამცველთა როლის აღიარების და მათი დაცვის მიზნით მიღებული არაერთი საერთაშორისო დოკუმენტის მიუხედავად, უფლებადამცველები არაერთ იურისდიქციაში ხშირად არიან შევიწროების, თვითნებური დაკავების, უკანონო მიყურადების, თავდასხმის ან სხვა უფრო მძიმე დანაშაულის მსხვერპლები.  ამ ქვეყნების რიგს საქართველოც მიეკუთვნება. 

საქართველოში მომუშავე უფლებადამცველებს, განსაკუთრებით ლგბტქი+ თემის წევრებს და აქტივისტებს, ქალ უფლებადამცველებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებადამცველებს, მათ მიმართ მომეტებული საფრთხის პირობებში უწევთ სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე ზრუნვა. შევიწროება, თავდასხმა, ზეწოლა, ჩაგვრა, მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან დისკრედიტაციის მცდელობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თვითნებური მიყურადების საფრთხე, ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან ძალადობის ტირაჟირება,  არის იმ გამოწვევების არასრული ჩამონათვალი, რასაც საქართველოში მომუშავე უფლებადამცველები ყოველდღიური საქმიანობისას აწყდებიან.  

ამასთან საყურადღებოა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ მოიცავს უფლებადამცველთა დაცვის სათანადო და ეფექტიან მექანიზმებს. ეროვნული კანონმდებლობა არ განმარტავს უფლებადამცველთა ცნებას. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს სტატისტიკურ ინფორმაციას „უშუალოდ უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაწყებულ გამოძიებებზე“,  რაც აბრკოლებს სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვებას და გამოძიების მიმდინარეობის მონიტორინგს. 

აღნიშნული გამოწვევების კვალდაკვალ, „უფლებები საქართველო“, Protection International-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში მოღვაწე უფლებადამცველებს და სამოქალაქო აქტივისტებს სთავაზობს უსაფრთხოების დაცვის გზამკვლევს, რომლის მიზანია მათთვის დამატებითი ცოდნისა და პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 

საერთაშორისო სტანდარტებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებზე დაყრდნობით, გზამკვლევი ასევე მოიცავს  შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიმართ არსებულ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც უფლებადამცველთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და არსებული გამოწვევების საპასუხოდ ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების დანერგვის წინაპირობაა.  

გზამკვლევის პირველი თავი მიმოიხილავს საქართველოში უფლებადამცველთა უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ყველაზე მწვავე გამოწვევებს. დოკუმენტის მეორე თავი უფლებადამცველებს სთავაზობს კონკრეტულ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, ხოლო მესამე თავი, კვლავ ხაზს უსვამს სახელმწიფოს როლსა და პასუხისმგებლობის ფარგლებს უფლებადამცველთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. 

ჩამოტვირთეთ გზამკვლევი
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!