შესვლა

ბლოგი: მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის უპირატესობები

26 ივლისი, 2021

ავტორი: მარიამ გოგოსაშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, „უფლებები საქართველოს“ გამგეობის წევრი

თვითრეგულირება - ეს არის შესაძლებლობა ყველა მაუწყებლისთვის, ერთი მხრივ, თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, გამოასწოროს დაშვებული შეცდომა და მეორე მხრივ, მისცეს შესაძლებლობა დაინტერესებულ პირს, დაიცვას თავისი ინტერესები.

მარეგულირებელი კომისია უკვე წლებია ცდილობს, თვითრეგულირებას მიკუთვნებული საკითხები რეგულირებაში გადაიტანოს. ერთი შეხედვით, შეიძლება, მოგვეჩვენოს, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს მედიაგარემოს გაჯანსაღებას და აძლიერებს მაუწყებლების ვალდებულებას, ეთიკური ნორმების დაცვით მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია. თუმცა, თუ კარგად დავუფიქრდებით, ეს მხოლოდ კომუნიკაციის  ეროვნული კომისიის უფლებების გაფართოებას ემსახურება.

რატომ არის საფრთხის შემცველი კომისიის  უფლებების გაფართოება - მედია კონტენტის შინაარსში შეჭრა და რატომ აპირებს მარეგულირებელი ორგანო ჩაერიოს შინაარსში, არც ისე რთული მისახვედრია, თუ გავითვალისწინებთ მარეგულირებლის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს. სამოქალაქო სექტორი უკვე 2 წელია ცდილობს პარლამენტმა არ მიიღოს კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც თვითრეგულირების ფარგლებში არსებული საკითხების რეგულირებაში გადატანას ისახავს მიზნად, რაც კომისიას ანიჭებს ფართო უფლებამოსილებებს და აძლევს დისკრიმინაციულად მიდგომის შესაძლებლობას.

ბოლო პერიოდში საზოგადოების ნაწილი მოითხოვს „ალტ-ინფოს“ საკითხი განიხილოს კომუნიკაციების კომისიამ. საღად და ლოგიკურად მოაზროვნე ყველა ადამიანს, ეთერიდან მოსმენილი ძალადობრივი მოწოდებების შემდეგ, გაუჩნდება სურვილი, რამენაირად შეუზღუდოს მაუწყებლობის უფლება „ალტ-ინფოს“. მით უფრო მაშინ, თუ ცნობილია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად „იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის“.

აღნიშნული მუხლი სწორედ თვითრეგულირების ფარგლებში ექცევა და კომისია დღეს არ არის უფლებამოსილი, ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევაზე იმსჯელოს. 

თუმცა, ამ შემთხვევაში, გვერდს ვერ ავუვლით სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლს, რომელიც გვეუბნება, რომ დასჯადია „რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს“. ისეთი ტიპის მოწოდებები, რომელიც ყოველდღიურად გვესმის „ალტ-ინფოს“ ეთერიდან, აშკარა, პირდაპირ და არსებით  საფრთხეს შეიცავს და ეს საფრთხე ნამდვილად არ არის თეორიული. ჩვენ უკვე ვიხილეთ 5 ივლისი!

საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები არ არის მყარი, კომისიის შემოსვლა მედიის შინაარსში ვერ ჩაითვლება პროგრესულ ნაბიჯად. უფრო ლოგიკურია, რეგულირების ნაცვლად გამოვიყენოთ ის მექანიზმები, რომელიც დღეს გაგვაჩნია თვითრეგულირების სახით, გავზარდოთ მისი ეფექტიანობა და ამგვარად შევასრულოთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. იმ შემთხვევაში კი, როდესაც კვლავ არსებობს პირდაპირი და არსებითი საფრთხე, მოვუწოდოთ პროკურატურას, იმოქმედოს კანონის ფარგლებში და მოახდინოს 5 ივლისის მსგავსი შემთხვევების პრევენცია.
 

***

ბლოგი მომზადდა პროექტის - გამოხატვის თავისუფლების დაცვა საქართველოში - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და არ ასახავს საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს პოზიციებს.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!