შესვლა

„უფლებები საქართველო“, უკანონოდ მსჯავრდებულის საქმეზე, სახელმწიფოსგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

30 ივნისი, 2021

ყოფილი მსჯავრდებულის, არჩილ კობიაშვილის საქმეზე, რომელმაც უკანონო პატიმრობაში 6 წელი და 6 თვე გაატარა, „უფლებები საქართველო“ საქართველოს პროკურატურისგან მორალური ზიანის ანაზღაურების სახით - 1 მილიონი ლარის, მატერიალური ზიანის კომპენსაციისთვის კი 87 ათასი დოლარის გადახდას მოითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლოში შესაბამისი სარჩელი „უფლებები საქართველოს“ იურისტმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა, შეიტანა. საქმეს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განიხილავს. 

არჩილ კობიაშვილისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი გაჩნდა მას შემდეგ, რაც 2019 წელს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა 2006 წელს, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის კობიაშვილის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი. მოგვიანებით, გამამართლებელი განაჩენი ძალაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომაც დატოვა. 

კობიაშვილის საქმეზე განაჩენის გადახედვა და ყოფილი მსჯავრდებულის გამართლება მოხდა „უფლებები საქართველოს“ იურისტის, არჩილ ჩოფიკაშვილის, ძალისხმევის შედეგად, რომელმაც 2019 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შესაბამისი შუამდგომლობა წარადგინა. 

საქმის წარმოება მიმდინარეობდა პროექტის - „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულების გაუმჯობესება ადვოკატირებისა და კვლევების გზით“ - ფარგლებში, რომელსაც 2018-2019 წლებში ახორციელებდა „უფლებები საქართველოს“ (მაშინდელი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  და „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით.

ამბის წინაისტორია

არჩილ კობიაშვილი ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2004 წელს, ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე მისცეს.  დღემდე, იმ პოლიციელების, პროკურორების და მოსამართლეების მიმართ, რომლებმაც მტკიცებულებების ფაბრიკაციასა და უკანონო განაჩენის გამოტანაში მიიღეს მონაწილეობა, გამოძიება  არ დაწყებულა.  

2019 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ არჩილ კობიაშვილის მიმართ საქართველოს სახელმწიფომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაარღვია. სტრასბურგის სასამართლოში კობიაშვილის ინტერესებს იურისტი, ლია მუხაშავრია, იცავდა. 
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!