„უფლებები საქართველომ“ პანდემიისაგან დაზარალებულ პირთათვის სამართლებრივი დახმარების გასაწევად ახალი პროექტი დაიწყო
28 ოქტომბერი, 2020„უფლებები საქართველომ“ მოწყვლადი და პანდემიისაგან დაზარალებული პირებისთვის სამართლებრივი დახმარების გასაწევად ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარები უფასო სამართლებრივი კონსულტაციით ისარგებლებენ. საჭიროების შემთხვევაში კი, „უფლებები საქართველოს“ ადვოკატი მათ ინტერესებს სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში დაიცავს.
„უფლებები საქართველო“ ფოკუსირებული იქნება სოციალურად დაუცველი პირების, მოხუცების, დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლების დაცვაზე, მათ შორის, ჯანდაცვის და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ პირების უფლებების დაცვას, რომლებიც, COVID -19-ის გავრცელების შემდეგ, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის გამო, გაათავისუფლეს სამსახურიდან, შეუმცირეს ანაზღაურება, ან აიძულებენ, იმუშავონ ჯანმრთელობისათვის არაუსაფრთხო გარემოში.
„უფლებები საქართველო“ პანდემიისაგან დაზარალებულ პირებს დაიცავს პროექტის - „COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების გამძლეობა და მდგრადობა“ - ფარგლებში, რომელსაც „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“, Irex Europe-სთან პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს.