შესვლა

„უფლებები საქართველო“ სახელმწიფოსგან მოითხოვს, მოხსნას დაბრკოლება ლტოლვილ ბავშვებზე ერთჯერადი 200-ლარიანი დახმარების გასაცემად

27 აგვისტო, 2020

„უფლებები საქართველომ“ დღეს ოფიციალური წერილით მიმართა რამდენიმე სახელმწიფო უწყებას, მათ შორის, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, მათ დაქვემდებარებაში არსებულ სახელმწიფო სერვისების განვითარების და სოციალური მომსახურების სააგენტოებს, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველს, რათა მათ რეაგირება მოახდინონ იმ სამართლებრივ ბარიერებზე, რომელიც ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ბავშვებს ერთჯერადი 200-ლარიანი დახმარების მიღებას უზღუდავს.

საქმე ეხება სირიის და ერაყის არასრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლებამ მიანიჭა ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსი, და რომლებიც, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს №505 დადგენილების შესაბამისად, უფლებამოსილნი არიან, 18 წლამდე ბავშვებისათვის განკუთვნილი, ერთჯერადი 200-ლარიანი სოციალური დახმარება მიიღონ. 

დახმარების მისაღებად, საჭიროა 2020 წლის 1 დეკემბრამდე ბავშვის დარეგისტრირება სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალურ ვებგვერდზე daxmareba.moh.gov.ge, თუმცა იმის გამო, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სირიელი და ერაყელი ლტოლვილებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს - დროებითი ბინადრობის მოწმობებს არ გასცემს, ბავშვების მშობლები 200-ლარიან დახმარებაზე მიმართვას ვერ ახერხებენ.

ერაყის  და სირიის მოქალაქეებმა, რომლებსაც საქართველოში მინიჭებული აქვთ ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსი, დროებითი ბინადრობის მოწმობების აღების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს მიმართეს. მათ წარდგენილი აქვთ ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებისთვის შეჩერებული აქვს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობების გაცემა. 

„უფლებები საქართველომ“ არაერთხელ მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, თუმცა - უშედეგოდ. ორგანიზაცია კვლავაც მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, იხელმძღვანელონ საერთაშორისო და ეროვნული კანონდებლობით, და ბავშვთა საუკეთესო ინეტერესების გათვალისწინებით, მისცენ შესაძლებლობა სირიიდან და ერაყიდან ლტოვილ არასრულწლოვნებს, ისარგებლონ საქართველოს მთავრობით განსაზღვრული ერთჯერადი სოციალური დახმარებით.

„უფლებები საქართველო“ სირიელი და ერაყელი ბაშვების სოციალური უფლებებს იცავს პროექტის „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც 2019 წლიდან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დაფინანსებით ხორციელდება. 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!