ორი მოძალადე კაცი ელექტრონული ზედამხედველობის ქვეშ მოექცა

„უფლებები საქართველომ“ სექსუალური შევიწროებისა და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის სამართლებრივი დახმარებისას კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია.
სოციალურად დაუცველმა ქალმა „უფლებები საქართველოს“ 2025 წლის 5 აგვისტოს მომართა. მსხვერპლის განმარტებით, ის რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ფსიქოლოგიური და სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ორი ხნიერი მამაკაცის მხრიდან, რომლებიც მის მეზობლად, სოციალურ საცხოვრისში, ცხოვრობენ. ქალმა არაერთხელ მიმართა შესაბამის უწყებებს შევიწროების ფაქტების შესახებ, თუმცა, სამართალდამცავ ორგანოებს „უფლებები საქართველოს“საქმეში ჩართვამდე არ მიუღიათ ეფექტიანი ზომები ქალის დასაცავად.
ვინაიდან მსხვერპლი ქალი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა იმ რეგიონში, სადაც ცხოვრობს, „უფლებები საქართველოს“ დახმარებით მისი სამართალდამცავ ორგანოებთან კომუნიკაცია და სამართალწარმოების დასაწყებად საჭირო პირველადი ქმედებები თბილისში განხორციელდა. თავად მსხვერპლი და ორგანიზაციის ადვოკატები დისტანციურად მონაწილეობდნენ სასამართლო პროცესებში მსხვერპლი ქალის უსაფრთხოების დაცვის მიზნიდან გამომდინარე.
„უფლებები საქართველომ“ ქალის უფლებების დაცვა და მისი წარმომადგენლობა განახორციელა როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე. გამოიცა შემაკავებელი ორდერი და, მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მოძალადეების მიმართ დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა.
ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინა სასამართლოს, რომელმაც განიხილა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიზანშეწონილად მიიჩნია მოძალადეებისთვის ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოძალადეები ერთ თვეს ელექტრონული ზედამხედველობის ქვეშ გაატარებენ.