„უფლებები საქართველო“ შორტების ტარების გამო ნაცემი მამა-შვილის ინტერესებს დაიცავს
19 აგვისტო, 2020„უფლებები საქართველო“ სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობაში და სასამართლოში წარმომადგენლობას გაუწევს და დაიცავს ნიკოლოზ (გელა) წელაურისა და მისი არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს. 2020 წლის 8 აგვისტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყალში სამი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა მამა-შვილს იმ საფუძვლით, რომ მათ შორტები ეცვა. ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად თავდამსხმელებმა გელა წელაურს ხელი მოტეხეს, მისმა შვილმა კი სხვადასხვა სიმძიმძის დაზიანებები მიიღო.
გელა წელაურმა „უფლებები საქართველოს“ სამართლებრივი დახმარებისათვის მომართა, რადგან სამართალდამცავი ორგანოებისთვის დროული მიმართვის, თავდამსხმელების იდენტიფიცირების და მიღებული დაზიანებების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მიუხედავად, მას დაზარალებულის სტატუსი ჯერ მინიჭებული არ ჰქონდა და სავარაუდო დამნაშავეები ჯერ კიდევ არ იყვნენ დაკავებულები.
„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ გელა წელაურს და მის შვილს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს და სწრაფი და ეფექტური გამოძიების შედეგად დროულად უნდა მოხდეს მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა.
გელა წელაურის თქმით, ის და მისი შვილი თბილისიდან ერთ ღამით იყვნენ ჩასული საკუთარ სახლში. ინციდენტი კი უკან დაბრუნებისას მოხდა: "კაფეში ხინკალი შევუკვეთეთ. გვინდოდა, თბილისში წაგვეღო. ხინკლის წასაღებად რომ მივედით, კაფეში შევედი, ჩემი შვილი მანქანასთან გაჩერდა. მალევე კაფედან დავინახე, რომ ჩემს შვილთან ახალგაზრდები მივიდნენ და ხმამაღლა ესაუბრებოდნენ. გარეთ გამოვედი. ვიკითხე, რა ხდებოდა. რატომ გაცვიათ შორტებიო? ჩემმა შვილმა უპასუხა, ცხელა და იმიტომო. აქ ასე სიარული არ შეიძლება და ჩვენ გიკრძალავთ შორტების ჩაცმასო, გვიპასუხეს. მე ვუთხარი, აგერ ხინკალი გვაქვს შეკვეთილი, მოდი, შევიდეთ გავიცნოთ ერთმანეთი, ვისაუბროთ და დავმეგობრდეთ-მეთქი. რაში მჭირდება შენნაირთან მეგობრობაო. ამ დროს სახინკლედან ქალები გამოვიდნენ. ეს ახალგაზრდები გაღიზიანდნენ და ხელი მკრეს. წავიქეცი და მერე წიხლებით შემდგნენ. ჩემი შვილიც ცემეს," - ყვება გელა წელაური.
„უფლებები საქართველოს“ ადვოკატები დღეიდან აქტიურად ჩაერთვებიან ყველა საგამოძიებო მოქმედებაში, აგრეთვე მიმართავენ პროკურატურას, რათა ძალადობაში მონაწილე პირებს ბრალი დროულად წარედგინოს.