ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვა საქართველოში - სტრატეგიული სამართალწარმოების შედეგები

8 ოქტომბერს, ორგანიზაცია უფლებები საქართველომ ანგარიშის - ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვა საქართველოში - სტრატეგიული სამართალწარმოების შედეგები ონლაინ პრეზენტაცია გამართა.
დოკუმენტი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა და მოიცავს 2022 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს. ღონისძიების 50-მდე მონაწილეს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს „უფლებები საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვლადიმერ მკერვალიშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ.
ვლადიმერ მკერვალიშვილმა ყურადღება გაამახვილა ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების სამართლებრივი მხარდაჭერის აუცილებლობაზე, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აწყდებიან მართლმსაჯულების განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე და ხაზი გაუსვა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სამართლებრივი პროფესიების წარმომადგენლების თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ანგარიშის ავტორია ტურკუს უნივერსიტეტის დოქტორანტი, უფლებები საქართველოს მკვლევარი კარლო ნიკოლეიშვილი. დოკუმენტში ასახულია პრაქტიკული და საკანონმდებლო გამოწვევები, ისევე როგორც გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული მიღწევები.
ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში ჯერ კიდევ დგას ისეთი საბაზისო გამოწვევები, როგორიცაა სამართალდამცავი უწყებების უმოქმედობა ან არაეფექტიანი მუშაობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და შემდგომი რეაგირების კუთხით. ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო ორგანოების ვალდებულებაზე, რეაგირება მოახდინონ სამართალდამცავი უწყებების და პოლიციის წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ:
-
ძალადობის მსხვერპლთა დაზარალებულად დროულად ცნობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და საჭიროებს ადვოკატის დამატებით ჩარევას და მხარდაჭერას;
-
დაზარალებულისა და ადვოკატისთვის საქმის მასალების ასლების მისაწვდომობა კვლავ პრობლემური;
-
გენდერული შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთა კვლავ არსებით გამოწვევად რჩება როგორც გამოძიების, ისე სასამართლო კვალიფიკაციის ეტაპზე;
-
საგამოძიებო ორგანოების შენობების ინფრასტრუქტურული მოწყობა და არსებული საერთო სივრცეები არ იძლევა კონფიდენციალურობის დაცვის, ასევე, გამომძიებელსა და დაზარალებულს შორის ნდობითი ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას;
-
ძალადობის მსხვერპლებს წარმოადგენენ ფაქტის შემსწრე ბავშვებიც, რომლებისთვისაც იშვიათად ხდება დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, მიუხედავად იმისა, რომ მათ დაზარალებულად ცნობას არსებითი მნიშვნელობა აქვს როგორც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ინტერესებისათვის, ასევე მომავალში მათ მიერ ზიანის ანაზღაურების მოსათხოვად.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ მსჯელობა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა და დამსწრე საზოგადოების მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისთვის. დისკუსია ანგარიშით განხილული საკითხების გარდა, შეეხო ისეთი პრობლემურ საკითხებს, როგორიცაა ქალთა მეორეული ვიქტიმიზაცია სამედიცინო დაწესებულებებში; ფემიციდის შემთხვევების გამოძიების ეფექტიანობის ხარისხს; მსხვერპლთა თავშესაფარში გადაყვანის პრაქტიკულ გამოწვევებს; სამართალდამცავთა ცნობიერების დაბალ დონეს და სხვ.
ანგარიში ასევე მოიცავს პრაქტიკულ რეკომენდაციებს სახელმწიფო ინსტიტუტების და იურიდიული პროფესიების წარმომადგენლებისათვის, რომლის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ამ მხრივ სამართლებრივი კულტურის განვითარების პროცესში.
ანგარიშის ქართული ტექსტი ხელმისაწვდომია ბმულზე