ავტობუსში მოკლული ქალის შვილებმა კომპენსაცია მიიღეს
29 აგვისტო, 2024ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების ეკონომიკური გაძლიერების გზაზე, „უფლებები საქართველომ“ კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. ორგანიზაციის დახმარებით, ფემიციდის მსხვერპლის არასრულწლოვანმა შვილებმა 10 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო კომპენსაცია მიიღეს.
„უფლებები საქართველო“ ფემიციდის მსხვერპლის დედის ინტერესებს 2023 წლის მარტიდან იცავს. კომპენსაციის მიღების საკითხზე, ორგანიზაციამ, მოძალადე მამაკაცის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სახელმწიფო მზრუნველობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიმართა. სააგენტომ კომპენსაციის გაცემის ბრძანება 15 აგვისტოს გამოსცა.
საქმე ეხება 2022 წლის მაისში თბილისში, გურამიშვილის გამზირზე №323 ავტობუსში ქმრის მიერ ქალის მკვლელობას. კაცმა 31 წლის ქალს, არასრულწლოვანი შვილების და სხვა მგზავრების თვალწინ, 27 ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენით, განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებებისა და კაცის დომინანტური როლის დემონსტრირების მიზნით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, 39 წლის კაცი დამნაშავედ იქნა ცნობილი და ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა როგორც საქმის პროკურორმა, ასევე მსჯავრდებული კაცის ადვოკატმა. პროკურორი ითხოვდა, სასჯელის სახედ და ზომად მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას. ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენებას ეთანხმებოდა ფემიციდის მსხვერპლის დედაც.
მსჯავრდებული კაცის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ალტერნატიული დასკვნა წარადგინა და სააპელაციო სასამართლოს წინაშე საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ კაცის ადვოკატის მიერ წარდგენილი ალტერნატიული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა არ მიიჩნია სამართალწარმოების შეწყვეტის საკმარის საფუძვლად.
საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის სისასტიკე და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი. მსჯავრდებული კაცის ადვოკატმა და პროკურორმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრეს, თუმცა, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივარი და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.
„უფლებები საქართველო“ ამ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.