შესვლა

აფგან სადიგოვის საჩივარი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებაზე სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა

15 აგვისტო, 2024

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიროტაძემ, დაუშვებლად ცნო  „უფლებები საქართველოს“  სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დატოვა თბილისი საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან სადიგოვს,  აღმკვეთი ღონისძიების სახით, საექსტრადიციო 3 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

მივიჩნევთ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. 

საგანგაშოა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა  ახალი გარემოება, კერძოდ სადიგოვმა საქართველოში საერთაშორისო თავშესაფარი მოითხოვა, რაც აჩერებს ექსტრადიციის პროცესს. 

„უფლებები საქართველომ“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 8 აგვისტოს გაასაჩივრა. ორგანიზაციის ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ გაუქმებულიყო განჩინება აფგან სადიგოვის აღმკვეთი ღონისძიების სახით საექსტრადიციო 3 თვიანი პატიმრობის შესახებ და სასამართლოს ალტერნატივის სახით შესთავაზეს გირაო - 2000 ლარის ოდენობით. სააპელაციო საჩივარს თან ერთოდა აფგან სადიგოვის განცხადება, საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ, საქართველოში  საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა 3 აგვისტოს დააკავეს და მას შემდეგ  გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. დაკავების ფაქტს შეესწრო მისი ცოლი და არასრულწლოვანი შვილები. აფგან სადიგოვმა მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიგო, რომ ის ძებნილია და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული აზერბაიჯანში.

გამოძიების ინფორმაციით, აფგან სადიგოვის დაკავება განხორციელდა აზერბაიჯანის მხარის მოთხოვნით. მას ბრალად ედება დანაშაული გათვალისწინებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 188.2.2 და 182.2.4 მუხლებით - „გამოძალვა, უცხო ადამიანისაგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის არაერთგზის გავრცელების მუქარა“.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებას წინ უძღოდა 18 ივლისს მისი მცდელობა ოჯახთან ერთად გამგზავრებულიყო თურქეთში,  რისი საშუალებაც მესაზღვრეებმა არ მისცეს და უთხრეს, რომ მეუღლესა და შვილებს შეეძლოთ  გამგზავრებულიყვნენ თურქეთში, ხოლო აფგან სადიგოვს  მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეეძლო. მიზეზი არ განუმარტეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა ინფორმაცია აზერბაიჯანში მის წინააღმდეგ აღძრული საქმისა და ძებნაში ყოფნის შესახებ.

აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის წინააღმდეგ საქმე აღიძრა  2024 წლის 9 მაისს. 13 მაისს კი აზერბაიჯანულმა მხარემ  დახმარების თხოვნით მომართა საქართველოს გენ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს. 

მნიშვნელოვანია, რომ 2 აგვისტოს აფგან სადიგოვი  „უფლებები  საქართველოს“ იურისტთან ერთად შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველს, სადაც განიხილეს მისი თურქეთში არგაშვების ფაქტი.  შსს-მ არც სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდა  ინფორმაცია, თუ რა გახდა მიზეზი აფგან სადიგოვის საქართველოდან არ გაშვების და არც იმის შესახებ აცნობა, რომ პირი ძებნილია და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აზერბაიჯანში.

აფგან სადიგოვი 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება საქართველოში და აქვს საქართველოს  იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მისი წამოსვლიდან თითქმის ნახევარი წლის შემდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ, რის შესახებაც მას ინფორმაცია არ ჰქონდა.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!