შესვლა

„უფლებები საქართველოს“ ძალისხმევით, მცირეწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული მართლმსაჯულების კიდევ ერთი პრეცედენტი შეიქმნა

18 დეკემბერი, 2023

მცირეწლოვანი ბავშვის ბიოლოგიურ მამას, რომელიც თავს არიდებდა შვილზე ზრუნვასა და პასუხისმგებლობას, „უფლებები საქართველოს“ ძალისხმევით, სამედიცინო ექსპერტიზით ბიოლოგიური მამობის დადგენის შემდეგ, ალიმენტის გადახდა დაეკისრა.

საქმე ეხება ბავშვს, რომლის დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელი იყო. ბავშვის ბიოლოგიური მამა შვილზე პასუხისმგებლობას არ იღებდა სასამართლო წესით მამობის დადგენამდე. ბავშვის დედა დახმარებისთვის „უფლებები საქართველოს“ დაუკავშირდა. „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მამობის დადგენის, დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანისა და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით მიმართეს. 

სასამართლო ბავშვის მამობას ადგენს ბიოლოგიური ან ანთროპოლოგიური გამოკვლევების შედეგების შესაბამისად. თუმცა, დედას არ ჰქონდა გამოკვლევების ჩატარების საშუალება ეკონომიკური პრობლემების გამო და, შესაბამისად, საკუთარი ხარჯით ბავშვის მამობას ვერ დაადგენდა.

„უფლებები საქართველოს“ ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, რომ ქალის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მამობის დადგენის ექსპერტიზის ხარჯები ბავშვის მამას დაჰკისრებოდა. ადვოკატების ძალისხმევით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია კუთხაშვილი დარწმუნდა, რომ ხარჯების სავარაუდო მამაზე დაკისრება მამობის დადგენისა და ქალის მიერ მართლმსაჯულებაზე წვდომის უზრუნველყოფის ერთადერთი საშუალება იყო.

შედეგად, „უფლებები საქართველოს“ ადვოკატების დასაბუთებული შუამდგომლობისა და შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლემ დანიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა და მასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა წინასწარ დააკისრა მოპასუხე მხარეს. ეს არის ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად შექმნილი პრეცედენტი და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტი.

უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, არაერთ მარტოხელა დედას ეზღუდება მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლება, რადგან მთავარი მტკიცებულების მოპოვება, კერძოდ დნმ-ის დამდგენი ექსპერტიზის ჩატარება, დიდი მოცულობის ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამის გამო, უმეტეს შემთხვევებში, მარტოხელა დედებს უარის თქმა უწევთ ამ ტიპის სასარჩელო წარმოებაზე.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაიცა შესაბამისი დასკვნა, რომლითაც დადასტურდა, რომ მოპასუხე წარმოადგენს მცირეწლოვანი მოსარჩელის ბიოლოგიურ მამას. 

„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, რამდენად ემოციურია ჩემთვის ეს ყველაფერი, „უფლებები საქართველო“ რომ არა, ამ დღეს ვერასოდეს მოვესწრებოდით. ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში ბავშვის დაბადების შემდეგ!“- ამბობს დედა ბიოლოგიური ექსპერტიზის პასუხის მიღების შემდეგ. 

2023 წლის 18 დეკემბერს, მოსამართლე მაია კუთხაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. კერძოდ, წარდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე მოპასუხე ცნობილი იქნა ბავშვის ბიოლოგიურ მამად, დადგინდა დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა და ბავშვის მამის გრაფაში მოპასუხის მითითება. ასევე, მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილისთვის 300 ლარის ოდენობით (მოთხოვნილი 550 ლარის ნაცვლად) სარჩელის შეტანის მომენტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

„უფლებები საქართველო“ ამ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!