შესვლა

მოძალადე კაცს შვილთან ურთიერთობის აღდგენის უფლება არ მიეცა

27 სექტემბერი, 2023

ძალადობისთვის ნასამართლევი მამის მიერ, შვილთან ურთიერთობის წესის დადგენის მიზნით, დაწყებული სამართლებრივი დავა, „უფლებები საქართველოს“ დახმარებით, არასრულწლოვანის სასარგებლოდ დასრულდა.

საყურადღებოა, რომ მოძალადე, არასრულწლოვანის თანდასწრებით, სისტემურად ძალადობდა ბავშვის დედაზე. 2019 წელს, სასამართლომ არასრულწლოვანის მამა დამნაშავედ ცნო, გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის ნიადაგზე, ოჯახში ძალადობის ჩადენაში.

მოძალადემ 2022 წლის აპრილში მიმართა სასამართლოს და მოითხოვა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის წესის განსაზღვრა.  „უფლებები საქართველო“, დედის მომართვის საფუძველზე, საქმეში ჩაერთო და, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, შესაგებელი და შეგებებული სარჩელი წარუდგინა სასამართლოს. 

საქმის სასამართლოში განხილვისას, არასრულწლოვანი ფსიქოლოგის მონაწილეობით გამოიკითხა. ბავშვმა მკვეთრად და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მამასთან ურთიერთობის სურვილი არ გააჩნია, რის მიზეზადაც დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები დაასახელა.

არასრულწლოვანმა გაიხსენა შემთხვევა,  როდესაც მამამ დედას, მანქანის უკანა სავარძელზე, ღვედი შემოუჭირა და დახრჩობას ცდილობდა. ბავშვმა აღნიშნა, რომ მამასთან ურთიერთობისას დისკომფორტს და შიშს განიცდის.

გარდა ბავშვის ჩვენებისა, სასამართლომ ასევე შეისწავლა ის მტკიცებულებები, რომლებიც „უფლებები საქართველოს“ იურისტმა ძალადობისთვის ნასამართლევი მამის მდგომარეობის შესახებ წარადგინა. Საუბარია მტკიცებულებებზე, რომლითაც დასტურდება, რომ, მოძალადის ჯანმრთელობისა და მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, მამასა და შვილს შორის ურთიერთობის აღდგენა დაუშვებელია. 

საბოლოოდ, სასამართლომ გაიზიარა „უფლებები საქართველოს“ არგუმენტაცია და მოძალადე მამას შვილთან ურთიერთობის აღდგენის უფლება არ მიეცა. გარდა ამისა, დაკმაყოფილდა დედის კიდევ ერთი მოთხოვნა და ბავშვის მამას, არასრულწლოვანის სასარგებლოდ, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის, ალიმენტის გადახდა დაეკისრა. 

აღნიშნულ საქმეზე, ბავშვისა და დედის ინტერესებს სასამართლოში „უფლებები საქართველოს“ იურისტი, ანნა თვარაძე, წარმოადგენდა. საქმე წარმოებული იყო პროექტის „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და ASB საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!