შესვლა

სასამართლომ კონტროლიორი ქალის სამსახურიდან განთავისუფლება უკანონოდ მიიჩნია

22 სექტემბერი, 2023

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, რომ თანამდებობაზე აღადგინოს და განაცდური აუნაზღაუროს კონტროლიორ ქალს, რომელიც ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიაში გაწევრიანების შემდეგ, დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა. 

ბათუმელი კონტროლიორის უფლებებს „უფლებები საქართველოს“ იურისტი, ანნა თვარაძე იცავს. ორგანიზაციას ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 2023 წლის 11 სექტემბერს ჩაბარდა. 

შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტში” ლელა ჩხაიძე  2011 წლიდან, 10 წლის განმავლობაში მუშაობდა კონტროლიორის თანამდებობაზე. იგი პირველი ქალი იყო ამ პოზიციაზე სატრანსპორტო კომპანიაში და, სამსახურებრივი ვალდებულებების პირნათლად შესრულებისთვის, რამდენჯერმე ფულადი პრემიით დაჯილდოვდა.

2020 წლიდან ლელა ჩხაიძე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია. არჩილ კონცელიძის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორად დანიშვნის შემდეგ, იგი რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ დაეტოვებინა პარტია და შეეწყვიტა პოლიტიკური აქტიურობა. 2021 წლის 25 იანვარს კი, უთხრეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული იყო. მიზეზად შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა დაუსახელეს. თუმცა, შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე, იგი უვადო კონტრაქტის გაფორმების წინაპირობებს ექვემდებარებოდა. ლელა ჩხაიძე მოულოდნელი გათავისუფლების ფაქტს თავის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს.

მან სამართლებრივი დახმარებისთვის „უფლებები საქართველოს“ 2021 წლის თებერვალში მომართა. ორგანიზაციის ხელშეწყობით, ლელა ჩხაიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა: სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, შრომითი ურთიერთობის განხორციელებისას პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის და შევიწროების ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება - 5 000 ლარის ოდენობით.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა - გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო და ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თანამშრომლის იმავე პოზიციაზე აღდგენა და  განაცდურის ანაზღაურება (გათავისუფლების დღიდან მის აღდგენამდე) დაავალა. პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა კი, არ დააკმაყოფილა - რაც, „უფლებები საქართველომ“ სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა.

„უფლებები საქართველოს“ იურისტი ანნა თვარაძე აგრძელებს მოსარჩელის ინტერესების დაცვას.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!