შესვლა

ევროსასამართლო უკანონო ბორდერიზაციით დაზარალებულ ატოცელთა საჩივარს მხოლოდ „უფლებები საქართველოს“ მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით განიხილავს 

3 აგვისტო, 2023

ფოტო: Reuters

ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის ცხრა მკვიდრის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის განხილვა გაგრძელდება იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც ევროსასამართლოს ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ წარუდგინა. აღნიშნული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ „უფლებები საქართველოს“ აცნობა მას შედეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ, საჩივართან დაკავშირებით, ევროსასამართლოს კითხვებზე თავისი პოზიცია დადგენილ ვადაში არ წარადგინა.

განმცხადებლები რუსეთის ფედერაციას საკუთრების უფლების დარღვევას ედავებიან. მათ თავიანთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე წვდომა 2014 წელს დაკარგეს, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ატოცში მავთულხლართები გაავლეს და ადგილობრივი მოსახლეობა, ფაქტობრივად, შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დატოვეს.

„უფლებები საქართველომ“, უკანონო ბორდერიზაციით დაზარალებული ატოცელების სახელით, სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით 2015 წლის სექტემბერში მიმართა. 2023 წლის იანვარში, ევროსასამართლომ, საჩივართან დაკავშირებით, მხარეებს თავიანთი მოსაზრებებისა და არგუმენტების წარმოსადგენად გარკვეული ვადა მისცა, თუმცა რუსეთის ფედერაციას სტრასბურგისთვის არც თავისი პოზიცია წარუდგენია და არც ვადის გახანგრძლივება უთხოვია.

ბირთველიშვილისა და სხვების მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის განხილვა გაგრძელდება იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც განმცხადებლების ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ, „უფლებები საქართველომ“, ევროსასამართლოს ამ დრომდე წარუდგინა.

„უფლებები საქართველო“, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით,  რუსეთისთვის, განმცხადებლების სასარგებლოდ, ათ-ათი ათასი ევროს გადახდის დააკისრებას მოითხოვს.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!