„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ეგვიპტელი ლტოლვილების მცირეწლოვანი შვილი ბინადრობის მოწმობას მიიღებს
20 ივლისი, 2023„უფლებები საქართველოს“ იურისტის, რუსუდან მჭედლიშვილის ძალისხმევით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ორი წლის ბავშვისთვის ლტოლვილის ბინადრობის მოწმობის გაცემა დაავალა.
ბავშვი 2021 წელს თბილისში დაიბადა, მას შედეგ, რაც მისი მშობლები, ეგვიპტეში დევნის გამო, საქართველოში ჩამოვიდნენ. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის საფუძველზე, ოჯახმა საქართველოში ლტოლვილის სტატუსი მიიღო, თუმცა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საქართველოში დაბადებულ ბავშვს ლტოლვილის ბინადრობის მოწმობის გაცემაზე უარი უთხრა, რის გამოც ბავშვს კანონით გარანტირებულ უფლებებსა და სოციალურ სერვისებზე წვდომა შეეზღუდა.
ბავშვისთვის ბინადრობის მოწმობის გაცემაზე უარის საფუძველი ის იყო, რომ საქართველოს ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ შეძლო მცირეწლოვანის ორი პერსონალური მონაცემის - მოქალაქეობისა და გვარის - დადგენა, რასაც თავის მხრივ, ობიექტური მიზეზები ჰქონდა. კერძოდ, ბავშვის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, მშობლებს უნდა მიემართათ ეგვიპტის საელჩოსთვის, თუმცა ასეთ შემთხვევაში ისინი ლტოლვილის სტატუსს დაკაგარგავდნენ. აქედან გამომდინარე, მშობლემა საელჩოს ვერ მიმართეს. რაც შეეხება გვარს, ეგვიპტის ნორმების მიხედვით, საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში გვარის ველი საერთოდ არ ივსება, შესაბამისად, არც მშობლებს და არც ბავშვს გვარის ოფიციალური ჩანაწერი არ აქვთ.
ბავშვის მშობლებმა „უფლებები საქართველოს“ სამართლებრივი დახმარებისთვის ერთი წლის წინ მომართეს.
„უფლებები საქართველომ“ სამოქალაქო რეესტრის გადაწყვეტილება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა თუმცა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ორივე ადმინისტრაციული ორგანოს უარის შემდეგ კი, „უფლებები საქართველომ“ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. შედეგად, 2023 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მცირეწლოვანი ბავშვის სახელზე ლტოლვილის ბინადრობის მოწმობის გაცემა დაევალა.
„უფლებები საქართველო“ მცირეწლოვნის მშობლებს უფასო სამართლებრივ დახმარებას საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში უწევდა.