ძალადობის მსხვერპლ ირანელ დედა-შვილს საქართველოში საერთაშორისო დაცვა მიენიჭათ
12 ივლისი, 2023„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა.-მა და მისმა არასრულწლოვანმა შვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის წინააღმდეგ მიმდინარე დავა მოიგეს. შედეგად, მათ საქართველოში საერთაშორისო დაცვა (ლტოლვილის სტატუსი) მიენიჭათ.
ირანში ცხოვრების პერიოდში, თავშესაფრის მაძიებელი ქალის მეუღლე მასსა და არასრულწლოვან შვილზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა.
ოჯახი საქართველოში 2017 წელს ჩამოვიდა და ქალი აქ კიდევ ერთხელ გახდა ძალადობის მსხვერპლი მეუღლის მხრიდან. კაცი დააკავეს და მას 6 თვის ვადით პატიმრობა შეეფერადა. საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ კი, ის ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაბრუნდა.
დედა-შვილი საქართველოში დარჩა. 2019 წლის მარტში მოინათლნენ და კონვერტირებული ქრისტიანები გახდნენ. 2019 წლის იანვარში კი ქალმა შსს მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა და მისთვის და არასრულწლოვანი შვილისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭება მოითხოვა.
2020 წელს, შსს მიგრაციის დეპარტამენტმა ბენეფიციარებს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება, „უფლებები საქართველოს“ იურისტ ნინო ხეცაძის ძალისხმევით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გასაჩივრდა.
2022 წლის ივნისში სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა და შსს მიგრაციის დეპარტამენტს თავშესაფრის მაძიებლებისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭება დაავალა. ორგანომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი. შედეგად, 2023 წლის 3 ივლისის განჩინებით, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დედა-შვილს საერთაშორისო დაცვა მიენიჭათ.
„უფლებები საქართველო“ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ დახმარებას საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში უწევდა.