„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, სირიის ორ მოქალაქეს საქართველოში საერთაშორისო დაცვა მიენიჭა
8 მაისი, 2023„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, სირიის ორმა მოქალაქემ, ახალგაზრდა მამაკაცმა და სტუდენტმა გოგონამ, საქართველოში საერთაშორისო დაცვა მიიღო.
სირიის მოქალაქეებს სამშობლოს დატოვება მოუწიათ ქვეყანაში 2011 წლიდან მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო, რომელმაც 300 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი იმსხვერპლა, 7 მილიონამდე ადამიანი თავისივე ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია, 6 მილიონზე მეტ სირიელს კი აიძულა, თავი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისათვის შეეფარებინა.
ორივე სირიელმა, კანონმდებლობის მოთხოვნების შესახებამისად, თავშესაფრის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე, მიგრაციის დეპარტამენტმა მათ საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარი უთხრა.
თავშესაფრის მაძიებელმა სირიელებმა მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს და დავა მოიგეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მიგრაციის დეპარტამენტმა სათანადოდ არ შეაფასა სიცოცხლის მოსპობის და ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის რისკები, რაც სირიის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში ემუქრებოდათ და მათი მოთხოვნები დააკმაყოფილა. თუმცა შსს მიგრაციის დეპარტამენტმა ორივე საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2023 წლის 03 მაისის განჩინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ორივე საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა და, საბოლოოდ, შსს მიგრაციის დეპარტამენტს დაავალა ახალგაზრდა მამაკაცისათვის - ლტოლვილის სტატუსის, ხოლო სტუდენტი გოგონასთვის - ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.
სირიელი მოქალაქეების ინტერესებს ორივე ინსტანციის სასამართლოში „უფლებები საქართველოს“ იურისტი, რუსუდან მჭედლიშვილი წარმოადგენდა.
„უფლებები საქართველო“ სირიის მოქალაქეებს უფასო სამართლებრივი დახმარებას უწევდა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში.