„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ფემიციდის მსხვერპლის არასრულწლოვანმა შვილმა 10 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო კომპენსაცია მიიღო
5 მაისი, 2023ეს ფემიციდის მსხვერპლის შვილისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის პირველი შემთხვევაა
ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ფემიციდის მსხვერპლის არასრულწლოვანმა შვილმა, 8 წლის გოგონამ, 10 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო კომპენსაცია მიიღო. კომპენსაციის მიღების საკითხზე, ორგანიზაციას დახმარებისთვის მცირეწლოვანი გოგონას ბებიამ მოძალადე მამაკაცის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ მომართა.
არასრულწლოვანის ბებია იძულებული გახდა, სრულად ეტვირთა ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობა მას შემდეგ, რაც გასული წლის ივლისში, გოგონას დედა, 36 წლის ქალი, მისმა ყოფილმა ქმარმა (ბავშვის მამამ) განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ბებია და შვილიშვილი, ნაქირავებ ბინაში, მძიმე ეკონომიკურ პირობებში განაგრძობდნენ ცხოვრებას.
„წარმოუდგენელი უბედურების გადატანა მომიწია. ერთადერთი შვილი მომიკლეს და დამრჩა პატარა შვილიშვილი, რომელსაც, სანამ შევძლებ, უნდა მოვუარო“, - ამბობს გოგონას ბებია. „იმ გაჭირვების გათვალისწინებით, რაც ჩემს შვილიშვილს თავს დაატყდა, ფულადი კომპენსაციის მიღება მართლაც შვების მომტანი იქნება“, - აღნიშნავს იგი.
ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება არასრულწლოვან გოგონას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სასამართლომ მკვლელობის საქმის განხილვა დაასრულა და მოძალადე მამაკაცის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა. „უფლებები საქართველომ“ მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენით, ბავშვისა და ბებიის წერილობითი განცხადებებითა და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს 3 აპრილს მიმართა. 2 მაისს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა ფემიციდის მსხვერპლის შვილისათვის 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაციის გაცემის გაცემის შესახებ ბრძანება გამოსცა.
ეს ფემიციდის მსხვერპლის შვილისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ, №523 დადგენილებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და ფემიციდის მსხვერპლის შვილებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის წესი განსაზღვრა.
„უფლებები საქართველო“ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში არასრულწლოვანი გოგონას ინტერესებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით წარმოადგენდა.