შესვლა

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, თავშესაფრის მაძიებელი ერიტრეელების ოჯახმა საქალაქო სასამართლოში დავა მოიგო

26 აპრილი, 2023

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ერიტრეელების ოთხწევრიანმა ოჯახმა, რომელსაც  საქართველოში თავშესაფრის მიღება სურს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის წინააღმდეგ მიმდინარე დავა მოიგო. 

ოჯახის უფროს წევრებს (დედას და მამას) ერიტრეის დატოვება 1990-იანი წლების დასაწყისში მოუწიათ, როდესაც ქვეყანა, დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ეთიოპიასთან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაება. ისინი საუდის არაბეთში დასახლდნენ, სადაც 2017 წლამდე, ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ცხოვრებას განაგრძობდნენ, ვიდრე მიგრაციის სფეროში რეგულაციების ცვლილებამ ისინი არ დააყენა სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლის აუცილებლობის წინაშე. რადგან ერიტრეაში არსებული მდგომარეობა არ გამოსწორებულა, ოჯახის წევრებმა საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტეს,სადაც, 2017 წლის ნოემბერში, საერთაშორისო დაცვის მინიჭება ითხოვეს, თუმცა ეს პროცესი 5 წლიან სამართლებრივ დავაში გადაიზარდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ერიტრეაში, 1993 წლიდან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ერთპიროვნული რეპრესიული დიქტატურა დამყარდა, რომლის პირობებშიც მოსახლეობა ექვემდებარება იძულებით შრომას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ერიტრეელების ოჯახი აკმაყოფილებდა ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პირობებს. თუმცა,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უარყოფითი რეკომენდაციის საფუძველზე, 2018 წლის მარტში, მათ უარი ეთქვათ თავშესაფრის მინიჭებაზე. 

ოჯახმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც მიიჩნია, რომ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა წარმოშობის ქვეყანაში ერიტრეელთა ოჯახის დევნის საფრთხე, სიცოცხლის მოსპობისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი სათანადოდ არ შეაფასა და, შესაბამისად, მიგრაციის დეპარტამენტს საქმის ხელახლა განხილვა დაავალა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. მიუხედავად ამისა, მიგრაციის დეპარტამენტმა საქმის გარემოებების განმეორებით შეფასების შემდგომაც უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.

სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნა გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „უფლებები საქართველოს“ იურისტის, ნინო ხეცაძის ძალისხმევით, 2023 წლის აპრილში, სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა და მიგრაციის დეპარტამენტს ოჯახისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება დაავალა.

„უფლებები საქართველო“ ოჯახს უფასო სამართლებრივი დახმარებას უწევს საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში.

„უფლებები საქართველო“ განაგრძობს ერიტრეელების ინტერესების დაცვას საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!