შესვლა

"ფრთხილად, გატყუებენ!" - ანგარიში დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ №11

15 ნოემბერი, 2022

რუსული პროპაგანდა საქართველოში ანტიდასავლური/ანტიევროპული დეზინფორმაციული ნარატივების გასავრცელებლად და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად კომუნიკაციის სხვადასხვა არხსა და ფორმას იყენებს. 

თუკი “ალტ-ინფო” პოზიციონირებს როგორც მედიასაშუალება, რომელიც მაყურებელს ახალი ამბების გამოშვებებს და ანალიტიკურ გადაცემებს სთავაზობს, სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე არსებული გვერდები რუსული პროპაგანდის მესიჯების გავრცელებას გასართობი კონტენტის, მათ შორის, ვიდეოებისა და ინტერნეტ მემების მეშვეობით ცდილობენ.

მაგალითად, ფეისბუკ და ინსტაგრამ გვერდი “საფერავი ნიუსი”, რომელიც 2022 წლის ივლისში შეიქმნა, ანტიდასავლური/ანტიევროპული შინაარსის პროპაგანდისტულ მასალას მომხმარებელს იუმორისტული ფორმით აწვდის. გვერდი გაშარჟებულად წარმოაჩენს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს. ევროპული ქვეყნები, ევროკავშირი, აშშ და, ზოგადად, დასავლეთი წარმოდგენილია, როგორც ტრადიციულ ღირებულებებთან მებრძოლი ძალები. 

პარალელურად, “საფერავი ნიუსი” ცდილობს მომხმარებელს გაუღვიძოს საბჭოთა ნოსტალგია და დაარწმუნოს რუსეთთან მეგობრობის სიკეთეებში. მაგალითად, გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია საქართველოში რუსი ტურისტების და რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის  მზარდი დინამიკის შესახებ. 

საყურადღებოა, რომ ეს გვერდი არ იმართება საქართველოდან. ფეისბუკის ინფორმაციით, გვერდს რამდენიმე ადმინისტრატორი ჰყავს, რომლებიც სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, ბელარუსსა და რუსეთში ცხოვრობენ. გარდა ამისა, თვალშისაცემია ისიც, რომ გვერდზე გამოქვეყნებული ტექსტები გაუმართავი ქართულითაა შედგენილი.

“საფერავი ნიუსი” თავისებური იუმორით ეხმიანება ხოლმე საქართველოსა თუ მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომს. ზოგჯერ კი, ანტიევროპულ და ანტიუკრაინულ მესიჯებს კომბინირებულად ავრცელებს. 

მაგალითად, ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტერს აქვს წარწერა: “ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველომ უნდა დააკანონოს ერთსქესიანთა ქორწინება”. წარწერის ქვეშ კი განთავსებულია უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტების ფოტო, რომელზეც ემანუელ მარკონი ვოლოდიმირ ზელენსკის ეხუტება. მიუკერძოებელი მომხმარებლისთვის ეს ჟესტი რუსეთის აგრესიის მსხვერპლი ქვეყნის მიმართ სოლიდარობის გამოხატულება უნდა იყოს, თუმცა “საფერავი ნიუსი” ფოტოს სულ სხვა კონტექსტში წარმოაჩენს და აშკარად ცდილობს იმ მომხმარებლების ემოციებით მანიპულირებას, ვინც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ე.წ. ტრადიციული ღირებულებების მიმართ.

ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად, “საფერავი ნიუსი” ამერიკული ლაბორატორიების შესახებ ცნობილ რუსულ დეზინფორმაციულ ნარატივსაც ავრცელებს. მაგალითად, ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტერზე, სადაც ჩანს აშშ-ის და საფრანგეთის პრეზიდენტების საუბარი, ჯოზეფ ბაიდენის გამოსახულების ქვეშ ვკითხულობთ ტექსტს: “ჩვენ კარგად მოვიფიქრეთ, რომ ბიოლოგიური ლაბორატორიები განვათავსეთ საქართველოში”. პოსტის ქვეშ კი ერთ-ერთი ფეისბუკ მომხმარებლის კომენტარია: “თქვენ ხუმრობთ და მაგ ლაბორატორიაში გაკეთებული ბომბებით ზელენსკი ბომბავს უკრაინულ ქალაქებს და რუსებს აბრალებს. იმედია რუსები მიწასთან გაასწორებენ მაგ სატნების ბუდეებს”.

რუსული რიტორიკით გაჯერებული კომენტარები გვხვდება “საფერავი ნიუსის” სხვა ფეისბუკ პოსტებზეც. მაგალითად, ერთ-ერთი პოსტის ქვეშ ფეისბუკ მომხმარებელი წერს: “საერთოდ, რა გვინდა ევროკავშირში? ეგ არის პოლიტიკური კორუფციის და ბიუროკრატიული უსაქმურობის ბუდე. ნურავის ჰგონია, რომ ეგენი ეკონომიკის განვითარების უფლებას მოგვცემენ”. 

“საფერავი ნიუსს” ფეისბუკზე სულ 200-მდე, ხოლო ინსტაგრამზე 100-მდე მიმდევარი ჰყავს. თუმცა გვერდი აქტიურად ასპონსორებს თავის პოსტებს და ზოგიერთი პოსტის მოწონება ფეისბუკზე - 800-ს, ხოლო ინსტაგრამზე 300-ს აჭარბებს. ზოგიერთ ფეისბუკ პოსტი ათობით მომხმარებელს აქვს გადაზიარებული.

მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტ მომხმარებლები პასუხისმგებლობით მოეკიდონ სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას და საზიანო, პროპაგანდისტულ მასალებს; არ შეუწყონ ხელი მათ გავრცელებას, ასევე, დაარეპორტონ დეზინფორმაციის გამავრცელებელი გვერდები და მათი პოსტები. 

(შენიშვნა: ჩვენ შეგნებულად არ მივუთითეთ “საფერავი ნიუსის” ფეისბუკ და ინსტაგრამ გვერდების, აგრეთვე იქ განთავსებული პოსტების ბმულები, რათა ხელი არ შევუწყოთ ინტერნეტ სივრცეში მათ შემდგომ გავრცელებას).

***

მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “უფლებები საქართველო“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
 
პროექტის შესახებ: https://rights.ge/ka/projection/60

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!