შესვლა

ბოდბეში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის საქმეში „უფლებები საქართველო“ ერთვება

20 სექტემბერი, 2022

„უფლებები საქართველო“ ძალადობის მოწმე ბავშვების დაზარალებულად ცნობას მოითხოვს

„უფლებები საქართველო“, 2022 წლის 04 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, ქმრის მიერ მძიმედ დაჭრილი ქალის ინტერესებს იცავს. 27 წლის ქალი მეუღლემ, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა მსხვერპლი ქალის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა. 

საყურადღებოა, რომ დანაშაულის თვითმხილველი არასრულწლოვანები იმდენად მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ სკოლაში წასვლაც ვერ შეძლეს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ ამ დრომდე არ უზრუნველყო ბავშვებთან სოციალური მუშაკის ანდა ფსიქოლოგის მუშაობა. 

არასრულწლოვანების ინტერესების დაცვის მიზნით, 2022 წლის 19 სექტემბერს, „უფლებები საქართველომ“ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართა სიღნაღის რაიონულ პროკურატურას და მოითხოვა მსხვერპლის არასრულწლოვანი შვილების დაზარალებულად ცნობა, რათა მათ მიეცეთ ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და სახელმწიფოს მიერ დანერგილი სხვა სერვისების მიღების შესაძლებლობა.

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია“ აღიარებს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან მათ შორის, ოჯახში ძალადობის მოწმე ბავშვები. ამავე კონვენციის 26-ე მუხლის თანახმად კი, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა, რათა მსხვერპლისთვის დაცვისა და დახმარების მომსახურების გაწევისას სათანადოდ იყოს გათვალისწინებული  კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა ფორმის ძალადობის ბავშვი მოწმეების უფლებები და საჭიროებები. 

საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, წინა წლებთან შედარებით, 2021 წლის მონაცემებით, ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის შემთხვევების შემცირების ტენდენცია არ იკვეთება. შესაბამისად, არსებითად მნიშვნელოვანია, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე ეფექტიან და დროულ რეაგირებასთან ერთად სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება. 

„უფლებები საქართველო“ ამ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!