„უფლებები საქართველომ“ ბელარუსის ახალგაზრდა საჯარო მოხელეთა სკოლის მსმენელებს უმასპინძლა

„უფლებები საქართველომ“ 13 აპრილს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში, ბელარუსის ახალგაზრდა საჯარო მოხელეთა სკოლის (SYMPA) მსმენელებს უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლებმა ბელარუს ახალგაზრდებს ორგანიზაციის საქმიანობის მიმართულებები გააცნეს, ასევე ისაუბრეს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების მართვის და დონორული დაფინანსების მოპოვების საკითხებზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მთავრობას შორის თანამშრომლობის საქართველოში არსებულ პრაქტიკაზე.
ახალგაზრდა საჯარო მოხელეთა სკოლა „ბელარუსის საჯარო მმართველობის რეფორმისა და ტრანსფორმაციის ინსტიტუტის“ (BIPART) პროექტია, რომელიც 2008 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ბელარუსი ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყანაში საჯარო მმართველობის რეფორმების წარმატებულ გამოცდილებას ეცნობიან.