შესვლა

„უფლებები საქართველოს“ განმარტება ევროსასმართლოში მესამე მხარედ ჩართვის სამართალწარმოებაზე

20 ნოემბერი, 2021

როგორც დღეს გავრცელდა ინფორმაცია, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი უთხრა საქართველოს სახალხო დამცველს, სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე (განაცხადი no. 54641/21) მესამე მხარედ ჩართვაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნულს, როგორც წესი, სამართალწარმოების არსებითი განხილვის ეტაპზე უშვებს. 

ამასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, ევროპული სასამართლოს რეგლამენტი არ ითვალისწინებს კონკრეტულ მითითებას, რომ აუცილებლად არსებითი განხილვის ეტაპზე უნდა იქნეს მესამე მხარის ინფორმაცია მხედველობაში მიღებული. სასამართლოს რეგლამენტის 44-ე წესის მე-3 პუნქტის თანახმად, როგორც კი მოპასუხე სახელმწიფოს ეცნობება განმცხადებლის მიერ განაცხადის შეტანის თაობაზე, პალატის თავმჯდომარეს შეუძლია, სამართალწარმოების სათანადოდ განხორციელების მიზნით, სასამართლოს ინიციატივით, მოიწვიოს მესამე მხარედ, ან მოთხოვნის არსებობისას, ნება დართოს მესამე მხარედ ჩართვაზე ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, რომელიც არ არის სამართალწარმოების მხარე, ან ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის განმცხადებელი. მესამე მხარეს შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს წერილითობითი ინფორმაცია, ან გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლოს სხდომაშიც მიიღოს მონაწილეობა. 

ვადა, რომელსაც ამასთან დაკავშირებით, სასამართლოს რეგლამენტი ითვალისწინებს, არის მოთხოვნის შეტანის ბოლო ვადა. ანუ მესამე მხარედ ჩართვისთვის მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს 12 კვირის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მოპასუხე სახელმწიფოს ეცნობა განმცხადებლის მიერ განაცხადის შეტანის თაობაზე. აგრეთვე, ეს მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული და ევროპული სასამართლოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე, წერილობით უნდა იყოს შედგენილი. 

ორივე შემთხვევაზე, ანუ როგორც სასამართლოს მიერ შეთავაზებით, ისე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, მესამე მხარედ პირის დაშვებისას, პალატის თავმჯდომარის მიერ განისაზღვრება პირობები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს. 

ზემოაღნიშნული დებულებიდან ცალსახაა, რომ განაცხადის შეტანის თაობაზე მოპასუხე სახელმწიფოს ინფორმირების მომენტიდან, მესამე მხარედ ჩართვის მოთხოვნა უკვე დასაშვებია. უფრო მეტიც, ეს მოთხოვნა სასამართლოს 12 კვირის ვადაში უნდა წარედგინოს და ევროპული სასამართლო არსებით განხილვას ასეთ მოკლე ვადაში ვერ იწყებს. გარდა ნორმატიული მოცემულობისა, სასამართლოს პრაქტიკაში არსებობს მაგალითები, როდესაც ევროპულ სასამართლოს არსებითი განხილვის ეტაპამდეც განუხილავს მესამე მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. 

ასე, მაგალითად, საქმეზე T.I. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო წერილობითი კომუნიკაცია გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრისგან.  ამ საქმეზე, ასევე მიღებული იყო კომუნიკაცია გერმანიისგან, რომელიც არ იყო სამართალწარმოების მხარე. განჩინება - საქმეზე T.I. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - გამოტანილი იყო არა საქმის არსებითი განხილვის, არამედ დასაშვებობის ეტაპზე. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ საქმეზე ასევე იქნა გამოყენებული დროებითი ღონისძიება. მართალია, აღნიშნულ საქმეზე ინფორმაცია მოთხოვნილი იყო თავად ევროპული სასამართლოს მიერ, მაგრამ ამ განსხვავებას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, სახელმწიფოს შეთავაზებით ხდება ინფორმაციის მიწოდება, თუ თავად მხარის მოთხოვნით, ორივე სამართალწარმოება გულისხმობს პირის მესამე მხარედ ჩართვას. 

აგრეთვე, საქმეზე P. უკრაინის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადის დასაშვებობის შესახებ 2019 წლის განჩინებაში მიუთითა მესამე მხარედ ჩართული ორგანიზაციების ILGA–Europe და OII Europe წერილობით მოსაზრებებზე. ამ ორგანიზაციებმა თავად ითხოვეს მესამე მხარედ დაშვება და სასამართლომ მათი მოთხოვნა რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დააკმაყოფილა (იხ. განჩნების მე-6 პუნქტი). 

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაცია მნიშვნელოვანია არა მარტო არსებითი განხილვის ეტაპისთვის, არამედ სამართალწარმოების ადრეულ სტადიაზეც იმ მიზნებისთვის, რასაც ემსახურება მესამე მხარედ ჩართვა - სამართალწარმოების სათანადო განხორციელება. როგორც ევროპული სასამართლოს რეგლამენტი, ისე პრაქტიკა იძლეოდა საშუალებას, რომ სახალხო დამცველი ჩართული ყოფილიყო მესამე მხარედ და მსგავსი შეზღუდვითი განმარტება სამწუხაროა. 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!