შესვლა

რას ამბობს ევროსასამართლო სააკაშვილის საქმეზე დროებითი ღონისძიების განჩინებაში

11 ნოემბერი, 2021

ავტორი: ნანა მჭედლიძე, „უფლებები საქართველოს“ საერთაშორისო სამართლის ექსპერტი

საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, დროებითი ღონისძიების შესახებ მოთხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული იქნა. ეს მოთხოვნა მიღებული რომ არ ყოფილიყო, შეიძლება მხარეებს სასამართლოსგან კომუნიკაციაც კი არ მიეღოთ. თუმცა, როცა ევროპული სასამართლო დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნას აკმაყოფილებს, სახელმწიფოზე დასაკისრებელი დროებითი ღონისძიებების შინაარსს თავად განსაზღვრავს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მის განკარგულებაშია. ამ ეტაპზე, ევროპულ სასამართლოს მხოლოდ აქვს განმცხადებლის მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია. ამ ინფორმაციის შინაარსსა და შესაბამის მტკიცებულებებზე „უფლებები საქართველო“ კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან ეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დოკუმენტაციის საძიებო სისტემაში (HUDOC) არ საჯაროვდება და არც სხვაგვარად არის ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი.

ინფორმაცია არ გვაქვს არც იმის თაობაზე, სახელმწიფოზე რა ღონისძიებების განხორციელების დავალებას ითხოვდა განმცხადებელი ევროპული სასამართლოსგან. 

თუმცა, რაც ირკვევა განმცხადებლის წარმომადგენლის სახელზე გაგზავნილ კომუნიკაციაში, განმცხადებლის (ერთი თუ ერთადერთი) მოთხოვნა უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სექტორის მრავალპროფილურ საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაყვანას. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ეს მოთხოვნა არ აქვს დაკმაყოფილებული. 

ის, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებას არ მოეთხოვა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მითითება, არ გულისხმობს, რომ მსგავსი მოთხოვნა არ იქნება სამომავლოდ გაკეთებული. ამასთან, სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივითაც განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები სახელმწიფოს მიმართ, რაც განმცხადებელს არ მოუთხოვია. ევროპული სასამართლო ამ გადაწყვეტილებას ისევ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღებს და იგულისხმება, რომ ინფორმაცია სათანადოდ უნდა იყოს გამყარებული შესაბამისი დოკუმენტაციით, რაც ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უნდა აძლევდეს.

ამ ეტაპზე, საქართველოს ხელისუფლებას მოეთხოვა, რომ მიაწოდოს ევროპულ სასამართლოს ინფორმაცია „განმცხადებლის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე (აგრეთვე ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მკურნალობის შესახებ)“. 

აგრეთვე, სახელმწიფოს მოეთხოვა, რომ უზრუნველყოს ზოგადად განმცხადებლის უსაფრთხოება და მისთვის შიმშილობის შემდგომი შესატყვისი სამედიცინო მკურნალობა. 

სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ აქვს მითითება, რომ შესატყვისი მკურნალობა გაუწიოს სააკაშვილს. თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ განმცხადებელი შესაბამის მკურნალობას არ იღებს, სასამართლოს შეუძლია, სახელმწიფოს დააკისროს კონკრეტული ღონისძიებების გატარება. ეს იქნება დამოკიდებული იმ ინფორმაციაზე, რასაც სასამართლო მიიღებს. მათ შორის, ევროპულ სასამართლოს სახელმწიფოსთვის დაუკისრებია პატიმრის საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაყვანის ვალდებულება (Salakhov and Islyamova v. Ukraine). 

სახელმწიფოსთვის მითითებული დროებითი ღონისძიებების შესრულება არის სავალდებულო. ამ ვალდებულების შეუსრულებლობისას, დგინდება კონვენციის 34-ე მუხლის (ევროპულ სასამართლოში ინდივიდუალური განაცხადის შეტანის უფლება) დარღვევა და შეიძლება სახელმწიფოს განმცხადებლის სასარგებლოდ დაეკისროს უფლების დარღვევისთვის შესაბამისი კომპენსაციის გადახდა.

ის, რომ განმცხადებელსაც მიეცა გარკვეული მითითება, კერძოდ, ეთხოვა შიმშილობის შეწყვეტა, ეს მიზნად ისახავს სამართალწარმოების ჯეროვნად განხორციელების უზრუნველყოფას და არ არის პირველი შემთხვევა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში. 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!