შესვლა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება პირების იძულებით გამოკითხვებთან დაკავშირებით

11 დეკემბერი, 2024

ბოლო დღეებში ხელისუფლება საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილე და აქტიურ მოქალაქეთა წინააღმდეგ საპოლიციო ტერორის ახალ ფორმებს იყენებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე მუდმივად გვატყობინებენ, რომ პოლიცია საპროცესო კანონმდებლობასა და მოქალაქეთა უფლებებს ხელყოფს.

კერძოდ, პოლიციელები აქციაში მონაწილე მოქალაქეების მისამართზე მიდიან, მათ ან მათი ოჯახის წევრებს ეუბნებიან, თითქოს უწყების ჩაბარება სურთ და ითხოვენ ბინაში შეშვებას, შემდგომ კი იძულებით, მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ და საფუძვლის განმარტების გარეშე, გადაჰყავთ ისინი შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. მათი გამოკითხვაც იძულებით მიმდინარეობს. ადვოკატებს არ ეძლევათ მოქალაქეებთან შეხვედრისა და წარმომადგენლობის გაწევის შესაძლებლობა. ადვოკატებმა გასული დღეების განმავლობაში რამდენჯერმე სცადეს იძულებით გადაყვანილ პირებთან შესვლა, თუმცა, უშედეგოდ.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ცალსახად უთითებს, რომ გამოკითხვის ჩამტარებელი მხარე ვალდებულია, გამოსაკითხ პირს თავიდანვე განუმარტოს, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია და რომ მას ასევე უფლება აქვს, ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით. ჩვენების მიცემა სავალდებულო მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან დაბარების დროსაა, რაც პოლიციის ზემოაღნიშნულ ქმედებებს უკანონოს ხდის.

ამრიგად, პოლიციის მიერ მოქალაქეთა უკანონო დაკავება, გამოკითხვაზე იძულებით გადაყვანა, იძულებით გამოკითხვა და ადვოკატებისთვის წარმომადგენლობის უფლების შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევაა, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:
 

უფლებები საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

უფლებადამცველთა გაერთიანება - ადამიანის უფლებათა ცენტრი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!