სასწრაფო განცხადება: შეწყდეს მშვიდობიანი მანიფესტანტების დაკავება

რამდენიმე საათის წინ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ გაშლილი ჰქონდათ საპროტესტო ბანერი, რომლის შინაარსი სრულად შეესაბამებოდა გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს.
მშვიდობიანი აქციის გამართვა და აზრის სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, აქციაზე ბანერის გაშლის გზით გამოხატვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, გაერთიანების თავისუფლებაზე ეუთოს (OSCE) სახელმძღვანელო პრინციპებით.
შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავება წინააღმდეგობაში მოდის როგორც ეროვნულ კანონმდებლობასთან, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა აღნიშნულმა ქცევამ გაზარდა პროტესტი მოსახლეობაში. ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან მოქალაქეები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ პირებს და აპროტესტებენ სახელმწიფოს მიერ მშვიდობიან მანიფესტანტთა წინააღმდეგ არადემოკრატიული, რეპრესიული მექანიზმების გამოყენებას.
„უფლებები საქართველო“ შეახსენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არის დემოკრატიულ სახელმწიფოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტით დაცული უფლება და მოუწოდებს:
დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეები და არ დაიწყოს მათ მიმართ სამართალწარმოება;
გააკეთოს საჯარო განმარტება მათი დაკავების წინაპირობებსა და კანონიერებასთან დაკავშირებით;
არ გამოიყენოს ძალა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ;
უზრუნველყოს, რომ აქციის მონაწილეებმა სრულფასოვნად და შეუფერხებლად ისარგებლონ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით.