შეკრებების მიმდინარეობისას მედია აქტორების და დამკვირვებლების უსაფრთხოება
17 სექტემბერი, 2021შეკრებების (მანიფესტაციების) გაშუქების დროს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის, შეურაცხყოფისა და ძალადობის შემთხვევები საქართველოს რეალობაში იშვიათი მოვლენა არ არის. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2007 წლის 7 ნოემბრის, 2011 წლის 26 მაისის, 2019 წლის 20-21 ივნისისა და 2020 წლის 8 ნოემბრის აქციებზე ჟურნალისტებისა და ოპერატორების დაზიანების შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობის ხელშეშლასა და ძალადობას მასშტაბური ხასიათი ჰქონდა და თითოეული შემთხვევის დროს ათობით მედიის წარმომადგენელი დაზიანდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების უმოქმედობით მოძალადეები ახერხებდნენ მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2021 წლის 5 ივლისს თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქცია, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობის გამო, ძალადობრივმა ჯგუფებმა მედიის 53-მდე წარმომადგენელს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში.
წინამდებარე დოკუმენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სთავაზობს სახელმძღვანელო რეკომენდაციებს შეკრებების მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლების და დამკვირვებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დოკუმენტში მოცემული რეკომენდაციები ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო წესებს.
დოკუმენტი მომზადდა „უფლებები საქართველოს“ და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ პროექტის „მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.