შესვლა

ვიწრო ჩიხში ქალის თვალწინ მასტურბირებისთვის პირი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

21 ივნისი, 2023

2023 წლის იანვრის თვეში, თბილისის ერთ-ერთი ქუჩის ვიწრო ჩიხში, 23 წლის ქალის თვალწინ მასტურბირების ორი შემთხვევა მოხდა. ქალმა პოლიციას მიმართა და ფაქტებზე სათანადო რეაგირება მოითხოვა. მისი ინტერესების დაცვის მიზნით, საქმეში „უფლებები საქართველოს“ ადვოკატი ჩაერთო. 

მსხვერპლისა და ორგანიზაციის ადვოკატის მიერ პოლიციისთვის წარდგენილმა მტკიცებულებებმა დაადასტურა სექსუალური შევიწროების ფაქტები და შემავიწროებლის იდენტიფიცირება შესაძლებელი გახადა, რის შედეგადაც პოლიციამ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა და იგი განსახილველად სასამართლოს წარუდგინა.

თავის მხრივ, სასამართლომ გაიზიარა მსხვერპლის პოზიცია და მტკიცებულებები. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია პირის მიერ სექსუალური შევიწროების ჩადენა და მას, ადმინისტრაციული სახდელის სახით, 300 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. ამასთან ხაზგასასმელია, რომ, სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელსაც მოსამართლის წინაშე სექსუალური შევიწროების ჩადენის ფაქტები უნდა ემტკიცებინა, სასამართლო პროცესზე პასიურობა გამოიჩინა, რამაც მტკიცების ტვირთი, მეტწილად, მსხვერპლსა და მის ადვოკატზე გადმოიტანა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ჩიკაშუამ, მოცემულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა სექსუალური შევიწროების საქმეების განხილვის სპეციფიკის შესახებ, რომელიც, მოსამართლის აზრით, ცალსახად გამოარჩევს მათ სხვა კატეგორიის საქმეებისგან. კერძოდ, მოსამართლემ განმარტა, რომ სექსუალური შევიწროების საქმეებში მტკიცების ტვირთის გადანაწილება და მტკიცებულებათა შეფასება ხასიათდება გარკვეული თავისებურებებით, რასაც განაპირობებს ის გარემოება, რომ სექსუალური შევიწროების შემთხვევები, როგორც წესი, გამოირჩევა ფარულობით და ხილულია მხოლოდ სავარაუდო მსხვერპლისა და შემავიწროებლისათვის. აქედან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევისადმი ზედმეტად მკაცრმა მიდგომამ და განსახილველი კატეგორიის საქმეებისადმი ფორმალურმა დამოკიდებულებამ შესაძლოა გარკვეულწილად წაახალისოს აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენა და გაართულოს მათი პრევენცია.

ამ ეტაპზე უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა სექსუალურ შევიწროებაში სამართალდამრღვევად ცნობილი პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, თუმცა, გასაჩივრების შემთხვევაში, „უფლებები საქართველო“ განაგრძობს მსხვერპლი ქალის ინტერესების დაცვას.

ამ საქმეს „უფლებები საქართველო“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს. 

თუ თვლით, რომ ხართ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის, სექსუალური შევიწროების, სექსუალური და სხვა ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლი ან გაქვს ინფორმაცია ამგვარი ფაქტების შესახებ, დაგვიკავშირდით „უფლებები საქართველოს“ ცხელ ხაზზე 577 541 655.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!