„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ერიტრეის მოქალაქეს ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა
13 ივნისი, 2023„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, 25 წლის ერიტრეის მოქალაქეს, ფ.ფ.ჰ.მ.-ს, საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა.
ფ.ფ.ჰ.მ. 1998 წელს საუდის არაბეთში დაიბადა და წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდა. ერიტრეაში, წარმოშობის ქვეყანაში, სადაც ფ.ფ.ჰ.მ. ბოლოს 12 წლის ასაკში იმყოფებოდა, მისთვის ცხოვრება შეუძლებელი იყო, რადგან ქვეყანაში არ არის დაცული ადამიანის საბაზისო უფლებები და მოსახლეობა მასობრივად ექვემდებარება იძულებით შრომას, მათ შორის, უვადო სამხედრო სამსახურს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
რამდენიმე წლის წინ, როდესაც საუდის არაბეთში საემიგრაციო კანონმდებლობა შეიცვალა, ფ.ფ.ჰ.მ. იძულებული გახდა უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილი სხვა ქვეყანაში ეძია. ის ჩამოვიდა საქართველოში, სადაც თავშესაფრის მინიჭება მოითხოვა.
2021 წლის 23 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა უარი თქვა მისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ფ.ფ.ჰ.მ.-ის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას.
„უფლებები საქართველოს“ ჩართულობით, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით, ფ.ფ.ჰ.მ.-ს ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭა. შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.
საბოლოოდ, 2023 წლის 08 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფიდა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
ფ.ფ.ჰ.მ.-ს ინტერესებს ორივე ინსტანციის სასამართლოში წარმოადგენდა ,,უფლებები საქართველოს“ იურისტი, რუსუდან მჭედლიშვილი.
„უფლებები საქართველო“ ერიტრეის მოქალაქეს უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევდა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში.