შესვლა

„უფლებები საქართველომ“ გამოხატვის თავისუფლებაზე მომზადებული კვლევა გაასაჯაროვა და ადამიანის უფლებათა მედიალაბორატორია გახსნა

16 ივნისი, 2021

16 ივნისს, ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ საქართველოში გამოხატვის თავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზების მასშტაბური კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. 

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები და ხარვეზებია სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების, პერსონალური მონაცემების დაცულობის უფლების, ჟურნალისტთა შრომითი უფლებების და უსაფრთხოების,  სასამართლოს მიუკერძოებლობის მხრივ. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კვლევაში გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ადგილობრივი კანონმდებლობა და პრაქტიკა გაანალიზებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროკავშირის სტანდარტების ჭრილში.

კვლევის მიგნებების და რეკომენდაციების საფუძველზე „უფლებები საქართველომ“ უკვე შეიმუშავა საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი, რომელიც მიმართულია საქართველოში გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფის, მედიის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალური წყაროს დაცვისათვის დამატებითი გარანტიების შექმნაზე. ამჟამად, მიმდინარეობს საკანონმდებლო წინადადებების განხილვები პროფესიულ წრეებში და პაკეტი უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს პარლამენტს. 

კვლევის პრეზენტაციას წინ უძღოდა თბილისის ღია უნივერსიტეტში ადამიანის უფლებათა მედიალაბორატორიის გახსნა, რომელიც „უფლებები საქართველოს“ და „თბილისის ღია უნივერსიტეტის“ ინიციატივით და ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით დაარსდა. 

მედიალაბორატორია ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში ქალბატონმა მააიკე ვან კოლდამიმ, ღია უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ბატონმა რამაზ კუკულაძემ და „უფლებები საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლადო მკერვალიშვილმა გახსნეს.

ლაბორატორიის დაარსების ერთ-ერთი მიზანია, შეიქმნას ღია სივრცე, სადაც  დარგის პროფესიონალებს შესაძლებლობა ექნებათ, იმსჯელონ და იმუშაონ მედიისა და ადამიანის უფლებების სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე და ასევე, სტუდენტებს მიეცემათ საშუალება, უკეთ შეისწავლონ ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის პრინციპები და მათი პრაქტიკაში გამოყენების გზები და ტექნიკები. 

ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის თემატიკა ინოვატორულია საქართველოს აკადემიური სივრცისთვის და გულისხმობს, ერთი მხრივ ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოვლენას და ამის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას, ხოლო მეორე მხრივ - თავად გამოხატვის თავისუფლებას, როგორც აღნიშნული საქმიანობის განხორციელების საფუძველს. ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკა ადამიანის ღირსების პატივისცემაზეა დაფუძნებული და ორიენტირებულია გამოსავალზე და არა გამარჯვებაზე, სიმართლეზე და არა პროპაგანდაზე, ადამიანებზე და არა ელიტებზე, კეთილგანწყობილად მიკერძოებულია მოწყვლადი ჯგუფების მიმართ და მჭიდროდ არის დაკავშირებული ძალადობის მსხვერპლებთან.

ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის პოპულარიზაციის მიზნით, პირველად საქართველოში,  თბილისის ღია უნივერსიტეტში უკვე დაინერგა ექსპერიმენტალური  საბაკალავრო კურსი „მედია სამართალი და ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკა“. 

კვლევის პრეზენტაცია, მედია ლაბორატორიის გახსნა  და საბაკალვრო კურსის მომზადდება შესაძლებელი გახდა საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით პროექტის - „გამოხატვის თავისუფლების დაცვა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორცილებს ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ თბილისის ღია უნივერსიტეტთან და ჟურნალსიტური ეთიკის ქარტიასთან პარტნიორობით. 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!