შესვლა

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ირანის მოქალაქემ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სასამართლოში დავა მოუგო

25 მარტი, 2021

2020 წლის 24 ოქტომბერს, სამართლებრივი დახმარების მიზნით, „უფლებები საქართველოს“ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, ვ.ჰ.-მ მიმართა. მას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უარი უთხრა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

უარის საფუძვლად სააგენტომ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, რომელიც, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნის მიზეზით, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.  

„უფლებები საქართველოს“ იურისტმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გაასაჩივრა. 

2021 წლის 25 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ვ.ჰ.-ს სასარჩელო მოთხოვნა, რის შედეგადაც, ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და სააგენტოს დაევალა, ახალი აქტის გამოცემა ვ.ჰ.-სთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე. 

„უფლებები საქართველომ“ ირანის მოქალაქეს უფასო იურიდიული დახმარება გაუწია პროექტის - „სამართლებრივი დახმარება საქართველოში მცხოვრები მიგრანტებისთვის“ - ფარგლებში, რომელიც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!