შესვლა

ჩემი უფლებები

თანასწორობა და დისკრიმინაცია

რას ნიშნავს დისკრიმინაცია? 1

დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio, განსხვავება) ნიშნავს ადამიანების უთანაწორო, უსამართლო მოპყრობას ან უპირატესობის მინიჭებას რასის, ეთნიკური წარმოშობის, კანის, ფერის, სქესის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა ნიშნების საფუძველზე. დისკრიმინაცია შეიძლება იყოს „დე იურე” (ანუ სამართლებრივი), რომელიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით და „დე ფაქტო”, როდესაც გაბატონებულ ჯგუფს უპირატესობა აქვს უმცირესობასთან შედარებით.

რა განსხვავებაა პირდაპირ და არაპირდაპირ დისკრიმინაციას შორის? 2

დისკრიმინაცია შეიძლება იყოს პირდაპირი და არაპირდაპირი, პირდაპირი დისკრიმინაცია გულისხმობს ისეთ პირობებს ან პირობების შექმნას, რომელიც პირს რაიმე ნიშნით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ამავე პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით. არაპირდაპირი დისკრიმინაცია ორიენტირებულია იმ შედეგზე, რომელიც მოჰყვება რაიმე დებულებას, კრიტერიუმს ან პრაქტიკას, რომელიც შეიძლება ნეიტრალური ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში, გარკვეული უმცირესობის ადამიანებს სხვებთან შედარებით სისტემატურად არასასურველ მდგომარეობაში აყენებს.

რა არის გენდერი? 3

სქესს გააჩნია ორი კატეგორია ბილოგიური (sex) და სოციალური (gender). სქესი დაკავშირებულია ქალსა და მამაკაცს შორის ფიზიკურ, ანატომიურ განსხვავებებთან, ცნება „გენდერი” კი მიუთითებს მათ ფსიქოლოგიურ, სოციალურ და კულტურულ როლებზე. სქესი ბიოლოგიურად არის განსაზღვრული, გენდერი კი სოციალური და კულტურული ფაქტორებით არის განპირობებული და აღნიშნავს ქალისა და მამაკაცის სოციალურად ნასწავლი ქცევების, თვისებებისა და დამოკიდებულებების ნაკრებს.

რა არის გენდერული თანასწორობა? 4

გენდერული თანასწორობა სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების ერთ-ერთი არსებითი მახასიათებელი და ადამიანის უფლებათა ნაწილია. გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის, თანაბრად მონაწილეობდნენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობდნენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით. გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ქალისა და მამაკაცის იგივეობას, პირიქით - საზოგადოებაში აღიარებულია, რომ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ღირებულება და მიზანი, სხვადასხვა საჭიროება და ცხოვრების წესი, მიუხედავად ამისა, მათი ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა დონეზე, ისინი უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და ჰქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები საზოგადოების ყველა სფეროში. ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავებებზე ხაზგასმა სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულად ხდება, თუმცა იმ სახელმწიფოებში სადაც მაღალია ეკონომიკის დონე და სახელმწიფოს მმართველობა დამყარებულია დემოკრატიულ, ლიბერალურ მიდგომაზე აღნიშნული სხვაობა ფაქტობრივად არ შეინიშნება, თანამედროვე საზოგადეობის მიდგომა ეფუძნება სწორედ სქესთა შორის განსხვავების შემცირებაზე, ერთი სქესის მეორეზე დომინირების აღმოფხვრაზე. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ორივე სქესს ერთნაირად შეუძლიათ შეითავსონ ერთმანეთის საქმიანობების, უნარების, ქცევების ფარტო სპექტრი.

რა არის გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია? 5

გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს სქესის ნიშნით ნებისმიერი განსხვავებას, გამიჯვნას ან/და შეზღუდვას, რაც გამოხატულია უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განსხვავებული აღიარებით, შესაძლებლობების არათანაბარი წარმოჩენით, შესუსტებით ან სრული უარყოფით.

რას გულისხმობს სამუშაო ადგილას გენდერული დისკრიმინაცია? 6

სამუშაო ადგილას გენდერული დისკრიმინაცია გულისხმობს ისეთ მოპყრობას ან პირობების შექმნას, რომელიც სამუშაო ადგილას პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას გენდერული ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციას ადგილი შეიძლება ჰქონდეს, როგორც სამსახურში აყვანისას, ისე სამუშაო პროცესში, აგრეთვე - სამსახურიდან გათავისუფლებისას.

შესაძლოა თუ არა დისკრიმინაციას ადგილი ჰქონდეს ოჯახში? 7

დიახ, სამწუხაროდ ოჯახის წევრთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა იშვიათ მოვლენას არ წარმოადგენს. მეტიც, უმეტესად სწორედ ოჯახიდან აქვს არაერთ ადამიანს დისკრიმინაციის რომელიმე ფორმასთან პირველი შეხება, მაგალითად, როდესაც სკოლაში ან უმაღლეს დაწესებულებებში სწავლის უფლებას მხოლოდ ბიჭებს აძლევენ, ან მაშინ როდესაც საოჯახო საქმეების გაკეთებას მხოლოდ გოგონებს ავალებენ. ყოველივე ეს, ცხადია, არათანაბარი მოპყრობის მაგალითებია და წარმოადგენს გენდერის ნიშნით დისკრიმინაციას.

რა მოვიმოქმედო იმ შემთხვევაში, თუ დისკრიმიანცია საკუთარ თავზე განვიცადე ან შემსწრე გავხდი? 8

თქვენ უფლება გაქვთ, სასამართლოში შეიტანოთ სარჩელი იმ პირის ან დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, თქვენი ვარაუდით, თქვენ მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოთ მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. გარდა ამისა, შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველს, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე. სახალხო დამცველისათვის მიმართვის წესი განისაზღვრება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით. გარდა ამისა, სამართლებრივი კონსულტაციისთვის ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 (32) 299 88 56 ან მოგვწეროთ იმეილი შემდეგ მისამართზე: office@rights.ge

შრომითი უფლებები

რა სახის ინფორმაციის მოთხოვნის უფლება აქვს დამსაქმებელს კანდიდატისგან დასაქმების ეტაპზე ? 1

დამსაქმებელი უფლებამოსილია, კანდიდატს მოსთხოვს მხოლოდ ისეთი სახის ინფორმაციის წარდგენა, რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. თავის მხრივ, კანდიდატი ვალდებულია, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. ასეთი გარემოების შეტყობინების ვალდებულება კანდიდატს ეკისრება მიუხედავად იმისა, დამსაქმებელმა მოითხოვა თუ არა ეს ინფორმაცია. ამასთან, დამსაქმებელს უფლება აქვს, შეამოწმოს კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე. კანდიდატს უფლება აქვს, გამოითხოვოს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, თუ მასთან დამსაქმებელმა არ დადო შრომითი ხელშეკრულება.

რა სახის ინფორმაციის მოთხოვნის უფლება აქვს კანდიდატს დასაქმების ეტაპზე ? 2

დამსაქმებელი ვალდებულია, კანდიდატს მიაწოდოს ინფორმაცია: 1) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; 2) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი ან ზეპირი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; 3) შრომის პირობების შესახებ; 4) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; 5) შრომის ანაზღაურების შესახებ.

რა შემთხვევაში შეუძლია არასრულწლოვან პირს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება? 3

ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან. შესაბამისად, 16 წლის ასაკის პირს უფლება აქვს, გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე. 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შემთხვევაში სავალდებულოა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა. 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.

რა შემთხვევებშია დაშვებული განსაზაღვრული ვადის მქონე შრომითი ხელშეკრულების გაფორმება? 4

შრომითი ხელშეკრულება იდება განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. როდესაც შრომითი ურთიერთობის ვადა არ აღემატება ერთ წელს, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით შეიძლება გაფორმდეს მხოლოდ ჩამოთვლილ შემთხვევებში. შესაბამისად, 1 წლით ან მეტი ვადით შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად არ არის სავალდებულო აღნიშნული საფუძვლების არსებობა. ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა: - შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; - შესასრულებელია სეზონური სამუშაო; - სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; - ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; - არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.

არის თუ არა რაიმე სახის აკრძალვა ამა თუ იმ ტიპის სამუშაოს შერულებისას ? 5

დიახ, კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეული სახის შეზღუდვებს არასრულწლოვანთა, ასევე ორსულ ან მეძუძურ დედებთან მიმართებით. აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად. აკრძალულია არასრულწლოვანთან, ასევე ორსულ ან მეძუძურ ქალთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად.

დასაშვებია თუ არა, ძირითად სამუშაოსთან ერთად შეთავსებითი სამუშაო ? 6

დიახ, დასაშვებია იმ შემთხვევაში თუკი შეთავსებითი სამუშაოს შესრულება ხელს არ შეუშლის ძირითად სამუშაოსთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებას. თუმცა, დამსაქმებელს აქვს უფლება შეზღუდოს დასაქმებულის ეს უფლება იმ შემთხვევაში თუ პირი, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს შეთავსებითი სამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტია.

დასაშვებია თუ არა, ძირითად სამუშაოსთან ერთად, შეთავსებითი სამუშაო ? 7

დიახ, დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი შეთავსებითი სამუშაოს შესრულება ხელს არ შეუშლის ძირითად სამუშაოსთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებას. თუმცა, დამსაქმებელს აქვს უფლება შეზღუდოს დასაქმებულის ეს უფლება იმ შემთხვევაში თუ პირი, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს შეთავსებითი სამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტია.

რა შემთხვევაში და რა ხანგრძლივობით იდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით? 8

ხელშეკრულების დადება გამოსაცდელი ვადით დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 6 თვით და მხოლოდ იმ მიზნით, თუ ის ემსახურება შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენას. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით. ასევე, აღსანიშნავია, რომ გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია. დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება

იმ შემთხვევაში თუ არ ვეთანხმები შრომითი ხელშეკრულების პირობებს შემიძლია თუ არა მათი შეცვლა? 9

იმ შემთხვევაში თუ საქმე არ ეხება ხელშეკრულების არსებით პირობებს, დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულისათვის შეტყობინებით დააზუსტოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ცალკეული გარემოებები. ხოლო, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. იმ შემთხვევაში თუ შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა განპირობებულია კანონმდებლობის ცვლილებით, არ საჭიროებს დასაქმებულის თანხმობას.

რა არის მივლინება და რამდენია მივლინების დღეების მაქსიმალური ოდენობა? 10

მივლინება არის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე. მივლინების პერიოდი წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 45 კალენდარულ დღეს. დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები.

რამდენია სამუშაო დროის მაქსიმალური ოდენობა კვირის განმავლობაში? 11

სამუშაო დრო დასაქმებულისთვის არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში - კვირაში 48 საათს. 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს. 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს. გასათვალისწინებელია, რომ აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) არასრულწლოვნის, ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება, ხოლო 3 წლამდე ასაკის ბავშვის მომვლელის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დასაქმება - მისი თანხმობის გარეშე.

როგორ ხდება ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება? 12

ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით, რომლის ოდენობაც განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში დასაშვებია ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემა. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის - კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის - კვირაში 24 საათს.

რა შემთხვევაში შემიძლია ვისარგებლო შვებულებით ? 13

დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც. მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.

ანაზღაურდება თუ არა შვებულება ? 14

დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და პირობები, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას. - დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. - ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობაა არაუმეტეს 1000 ლარისა. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე.

მაქვს თუ არა უფლება, როგორც დასაქმებულმა, უარი ვთქვა დავალების შესრულებაზე ? 15

დასაქმებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, ან შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას. დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს დამსაქმებელს იმ გარემოების შესახებ, რომლის გამოც იგი უარს ამბობს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

რა არის გაფიცვა და რა შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს ? 16

გაფიცვა არის დავის შემთხვევაში დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. გაფიცვაში მონაწილეობის უფლება არა აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირებს. გაფიცვის დროს დამსაქმებელი არ არის ვალდებული, მისცეს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება. გაფიცვა არ არის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. გაფიცვის დაწყებამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე მხარეებმა ერთმანეთს წერილობით უნდა შეატყობინონ გაფიცვის დრო, ადგილი და ხასიათი. დაუშვებელია უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენება იმ დასაქმებულთა მიერ, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, ან თუ ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება.

დაშვებულია თუ არა უქმე დღეებში მუშაობა? 17

უქმე დღეებში, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ. უქმე დღეებში მუშაობა უნდა ანაზღაურდეს ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით, რომლის ოდენობაც განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში დასაშვებია უქმე დღეებში მუშაობისთვის განკუთვნილი ზეგანაკვეთური ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემა. აგრეთვე, დასაქმებულს აქვს უფლება, უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.

როდის წარმოეშობა დასაქმებულს ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნის უფლება და რა ოდენობით? 18

დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ, თუმცა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულს შვებულება შეიძლება, მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით - წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით, ხოლო ანაზღაურების გარეშე შვებულებით - წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით. ამასთან, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულს ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება - წელიწადში 10 კალენდარული დღე.

რა შემთხვევაშია უფლებამოსილი დასაქმებული შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება? 19

დასაქმებული უფლებამოსილია, შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება, საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.

ვალდებულია თუ არა დამსაქმებელი წინასწარ შეატყობინოს დასაქმებულს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ? 20

დამსაქმებელი ვალდებულია, არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, თუ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს: - ეკონომიკური გარემოებები; - კვალიფიკაციის შეუსაბამობა; - ხანგრძლივი შრომისუუნარობა; - სხვა ობიექტური გარემოება. დასაქმებულს ასევე მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, 30 კალენდარული დღით ადრე გაფრთხილების ნაცვლად, დამსაქმებელი უფლებამოსილია, არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ასეთ დროს დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

ვალდებულია თუ არა დამსაქმებელი განუმარტოს დასაქმებულს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი? 21

დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს დამსაქმებლს წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. აღნიშნულის შემდეგ, 7 კალენდარული დღის ვადაში დამსაქმებელი ვალდებულია, წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. მნიშვენლოვანია აღინიშნოს, რომ თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

სასამართლოში სარჩელის აღძვრისას, რისი მოთხოვნის უფლება შეიძლება ჰქონდეს პირს, რომელსაც უკანონოდ შეუწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება? 22

სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

თავშესაფრის მიღება და ლტოლვილთა უფლებები

რა საკანონმდებლო აქტები არეგულირებს თავშესაფრის მიღების საკითხებს საქართველოში? 1

- ჟენევის 1951 წლის კონვენცია ,,ლტოლვილის სტატუსის შესახებ“; - 1967 წლის ოქმი ,,ლტოლვილის სტატუსის შესახებ“; - საქართველოს კანონი ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“.

რა არის საერთაშორისო დაცვა? 2

თავშესაფრის მიღებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა კანონით დადგენილი წესით.

ვის შეუძლია მოითხოვოს თავშესაფარი? 3

ნებისმიერი უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირს) და მოქალაქეობის არ მქონე პირებს.

ვინ არის თავშესაფრის მაძიებელი პირი? 4

უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებას და რომლის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არის მიღებული ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა.

ვის შეუძლია ლტოლვილის სტატუსის მიღება? 5

ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

ვის შეუძლია ჰუმანიტარული სტატუსის მიღება? 6

ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მიღებს საფუძვლებს, მაგრამ არსებობს რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი სერიზული საფრთხის რისკის ქვეშ დადგება.

ვის შეუძლია დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მიღება? 7

აღნიშნული სტატუსი ენიჭებათ მასობრივად შემოსულ პირებს, რომლებიც საერთაშორისო დაცვას საჭიროებენ და არ შეუძლიათ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება ძალადობის, აგრესიის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

რომელი ადმინისტრაციული ორგანო განიხილავს საერთაშორისო დაცვაზე მიღებ განცხადებებს? 8

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი.

რამდენი ხნით გრძელდება საქართველოში თავშესაფრის მიღების პროცედურის განხილვა? 9

უფლებამოსილმა ორგანომ საერთაშორისო დაცვაზე განაცხადი უნდა განიხილოს რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში. აღნიშნული ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს არაუმეტეს 9 თვით თუ გამოვლინდა რთული ფაქტობრივი და იურიდიული საკითხები ან გაკეთდა მრავალი განაცხადი, რაც ართულებს განცხადებების განხილვას 6 თვის ვადაში.

რა სახით ტარდება გასაუბრება თავშესაფრის მაძიებელ პირთან? 10

თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრების ჩატარების შესახებ ეცნობება 3 სამუშაო დღით ადრე, წერილობით, მისი საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე. თუ თავშესაფრის მაძიებლის მისამართი უცნობია, მას გასაუბრების ჩატარების შესახებ შეიძლება ეცნობოს ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. გასაუბრებას ატარებს სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც თავშესაფრის მაძიებელს უსვამს მის საქმესთან დაკავშირებულ წინასწარ მომზადებულ შეკითხვებს.

რა შედეგი მოჰყვება გასაუბრებაზე გამოუცხადებლობას? 11

არასაპატიო მიზეზით, შეტყობინების უგულებელყოფით ანკეტირებაზე ან გასაუბრებაზე ორჯერ გამოუცხადებლობის შემთხვევაში პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა შეწყდება.

რა არის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი? 12

თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი მდებარეობს დაბა მარტყოფში და ფუნქციონირებს 2011 წლიდან. ცენტრი გათვლილია 60 ადამიანზე. ცენტრში უზრუნველყოფილია დაცვის პოლიციის მომსახურება. უსაფრთხოების მიზნებისთვის ფუნქციონირებს ვიდეო-მონიტორინგის სისტემა (საძინებლებისა და სველი წერტილების გარდა). ცენტრში გამოყოფილია ქალთა, მამაკაცთა და ოჯახების განთავსების ბლოკები. თითოეულ ბლოკში ფუნქციონირებს სამზარეულო, სამრეცხაო და მოსასვენებელი ოთახები, სველი წერტილები, ასევე საერთო ინტერნეტ-ოთახი, ბიბლიოთეკა და მცირე სატრენაჟორო დარბაზი. ადმინისტრაციულ ნაწილში უზრუნველყოფილია გასაუბრების 2 ოთახი, სადაც თავშესაფრის

რა დახმარებას იღებს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი? 13

2014 წლის 1 მარტიდან ლტოლვილსა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გასაცემი ყოველთვიური შემწეობა განისაზღვრა 45 ლარით.

რამდენ ხანში უნდა გაასაჩივროს თავშესაფრის მაძიებელმა მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება? 14

ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

შეუძლიათ თუ არა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა? 15

ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის პირს შესაძლებლობა აქვთ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სამინისტოს “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

შეიძლება თუ არა მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში? 16

თავშესაფრის მიღების უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, მაგრამ სასამართლო სხვა უფლებებთან კავშირში იხილავს აღნიშულ საკითხს, ამიტომ გასაჩივრება შესაძლებელია სხვა უფლების დარღვევაზე მითითებით, მაგ: მე-3 მუხლზე, მე-8 მუხლზე მითითებით.

იურიდიული კონსულტაციის/დახმარების მისაღებად ვის მივმართო? 17

საერთაშორისო დაცვის საკითხებზე იურიდიული დახმარების მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ „უფლებების საქართველოს“.

უფლებების დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

რა არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ? 1

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო წარმოადგენს 1950 წლის ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციით დაფუძნებულ საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც შეიქმნა 1959 წელს. იგი მდებარეობს სტრასბურგში, საფრანგეთი.

რა არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ? 2

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია, ცნობილი როგორც “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია” ძალაში შევიდა 1953 წელს. კონვენციამ მოიცვა უფლებების ნაწილი, რაც ასახული იყო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში.

რა უფლებებს მოიცავს კონვენცია და რა კატეგორიის საქმეებს იხილავს სასამართლო ? 3

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იხილავს საქმეებს მხოლოდ იმ უფლებების დარღვევის შესახებ, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის გათვალისწინებული. თავის მხრივ, კონვენციით დაცულ უფლებებს მიეკუთვნება- სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და სხვა.

ვის შეუძლია მიმართოს სასამართლოს ? 4

კონვენცია განასხვავებს ორი ტიპის საჩივრებს: ინდივიდუალური საჩივარი, წარდგენილი ნებისმიერი პირის, პირთა ჯგუფის, კომპანიის ან არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, რომელიც ასაჩივრებს მისი უფლების დარღვევას და სახელმწიფოთაშორისი საჩივარი, შეტანილი ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეს წინააღმდეგ.

ვის წინააღმდეგ შეიძლება შევიტანო საჩივარი ? 5

სასამართლოში საჩივრის შეტანა შესაძლებელია კონვენციის მონაწილე ერთი ან მეტი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ნებისმიერი საჩივარი, რომელიც მიმართულია, მაგალითად, კონვენციის არაწევრი სახელმწიფოს ან კერძო პირის წინააღმდეგ, დაუშვებლად გამოცხადდება.

რა პროცედურებია საჭირო სასამართლოში საჩივრის შესატანად ? 6

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოსთვის მისამართად საჭიროა, ამოწურული იყოს ადგილობრივ დონეზე დაცვის მექანიზმები, რაც გულისხმობს იმას, რომ პირმა, რომელიც ასაჩივრებს მისი უფლების დარღვევას, პირველ რიგში, საჩივარი უნდა შეიტანოს მისი ქვეყნის სასამართლოებში და გაიაროს სამივე ინსტანცია, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია დარღვეული უფლების აღდგენა. მომჩივნის პრეტენზიები უნდა ეხებოდეს კონვენციით განსაზღვრული ერთი ან მეტი უფლების სავარაუდო დარღვევას. სასამართლო ვერ განიხილავს საჩივრებს, რომლებიც ეხება ისეთი უფლებების დარღვევას, რაც კონვენციაში არაა მოცემული.

რა უნდა ვიცოდეთ სასამართლოსადმი მიმართვამდე ? 7

საჩივრები სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნას ექვსი თვის ვადაში საქმეზე საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან. სასამართლოში საჩივრის შეტანა შესაძლებელია უშუალოდ პირის მიერ და სამართალწარმოების საწყის ეტაპზე ადვოკატის ყოლა აუცილებელი არაა. საკმარისია, სასამართლოში სათანადოდ შევსებული საჩივრის ფორმის გაგზავნა, რომელსაც თან დაერთვება ყველა საჭირო დოკუმენტი. აგრეთვე, სასამართლოს მიერ საქმისწარმოებისათვის არ არის დაწესებული რაიმე სახის გადასახადი.

რამდენი ხანი გრძელდება სასამართლოში საქმის განხილვა ? 8

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ვალდებულებას კისრულობს, საქმე განიხილოს მისი შემოტანიდან სამი წლის ვადაში, რთულია ზუსტი ხანგრძლივობის განსაზღვრა. ვინაიდან, სასამართლოში შემოსული თითოეული საქმე განსხვავდება და მათი განხილვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია უშუალოდ საქმის გარემოებებზე. იმ შემთხვევაში თუ მომჩივანს ემუქრება ფიზიკური ზიანის აშკარა საფრთხე, შესაძლოა ამგვარი საქმეები განხილულ იქნას დაჩქარებული წესით.

ვალდებული არიან თუ არა ეროვნული სასამართლოები გამოიყენონ კონვენცია? 9

დიახ, ეროვნულმა სასამართლოებმა, უნდა გამოიყენონ კონვენცია. იგი წარმოადგენს იმ მონაწილე სახელმწიფოთა კანონმდებლობის ნაწილს, რომლებმაც იკისრეს ვალდებულება, დაიცვან კონვენციით განსაზღვრული უფლებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო წარმოდგენილი საჩვრის საფუძველზე სახელმწიფოს დაუდგენს კონვენციის დარღვევას.

სავალდებულოა თუ არა სახელმწიფოებისათვის მათ წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება? 10

დიახ, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სავალდებულოა მოპასუხე სახელმწიფოსათვის და ქვეყანას აქვს მისი აღსრულების ვალდებულება. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მონიტორინგს უწევს გადაწყვეტილებათა აღსრულებას, განსაკუთრებით კი - სახელმწიფოს მიერ მომჩივნისთვის იმ თანხის გადახდას, რომელიც სასამართლომ განსაზღვრა დამდგარი ზიანის საკომპენსაციოდ.

როგორ ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება? 11

მას შემდეგ, რაც სასამართლო გამოიტანს დარღვევის დამდგენ გადაწყვეტილებას, სასამართლო საქმეს გადასცემს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობას უწევს და უზრუნველყოფს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. კონკრეტულად განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულება. საჭიროების შესაბამისად განისაზღვრება სახელმწიფოს მიერ გასატარებელი საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე, ის თუ როგორ უნდა იქნას მომავალში თავიდან აცილებული კონვენციის მსგავსი დარღვევები.

შეიძლება თუ არა მხარეები მორიგდნენ ? 12

მორიგება არის შეთანხმება მხარეებს შორის, რომ დასრულდეს საჩივართან დაკავშირებული სამართალწარმოება. როცა მხარეები თანხმდებიან დავის მორიგებით მოგვარებაზე, როგორც წესი, შედეგად მომჩივანი სახელმწიფოსაგან იღებს გარკვეულ თანხას. სასამართლო ყოველთვის მოუწოდებს მხარეებს აწარმოონ მოლაპარაკებები მორიგების მისაღებად. თუ მორიგება ვერ მოხდება, სასამართლო საჩივარს არსებითად განიხილავს.

შესაძლებელია გადაწყვეტილებათა გასაჩივრება? 13

როგორც საჩივრის დაუშვებლობის შესახებ განჩინება, ასევე კომიტეტისა თუ დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებანი საბოლოოა და მათი გასაჩივრება არ დაიშვება.

რამდენი საქმე არის შეტანილი სასამართლოში ? 14

უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად იზრდება სასამართლოში შეტანილი საქმეების რაოდენობა. საშუალოდ სასამართლოს ყოველ წელს წარედგინება 50 000 ახალი საჩივარი.

რომელ უფლებებს ეხება საქმეთა უმრავლესობა? 15

გადაწყვეტილებათა ნახევარი ეხება კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ასევე, დარღვევათა 20%-ზე მეტი ეხება კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების (სიცოცხლის უფლება და წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) სერიოზულ დარღვევებს.

უფლებების დაცვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში

რა არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო? 1

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის სასამართლო ორგანო, რომელიც შეიქმნა 2002 წელს, საერთაშორისო ხელშეკრულების, რომის სტატუტის საფუძველზე.

რა არის რომის სტატუტი? 2

რომის სტატუტი არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელმაც დააფუძნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო.

შეუძლიათ თუ არა ფიზიკურ ან იურიდულ პირებს მიმართონ სასამართლოს? 3

არა. სასამართლოში სამართალწარმოება იწყება თუ სასამართლოს პროკურორი დაიწყებს სავარაუდო დანაშაულების გამოძიებას, თუ სახელმწიფო მოახსენებს პროკურორს, რომ სავარაუდოდ ჩადენილია დანაშაულები და თუ უშიშროების საბჭო გადასცემს სასამართლო სიტუაციას გამოსაძიებლად.

რა სახის პასუხისმგებლობას ადგენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო? 4

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. სხვა საერთაშორისო სასამართლოებისგან განსხვავებით, ადგენს ფიზიკური პირის პასუხისმგებლობას საერთაშორისო დანაშაულის ჩადენისთვის და არ დგება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.

რომელ დანაშაულებზე ახორციელებს სასამართლო იურისდიქციას? 5

სასამართლო თავის იურისდიქციას ახორციელებს შემდეგ საერთაშორისო დანაშაულებზე: გენოციდი, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ომის დანაშაულები და აგრესიის დანაშაული. მათი დეფინიცია მოცემულია რომის სტატუტის მე-6, მე-7 და მე-8 მუხლებში.

სასჯელის რა ფორმები არსებობს რომის სტატუტის მიხედვით? 6

სასამართლოს შეუძლია სასჯელის ზომებად გამოიყენოს: თავისუფლების აღკვეთა გარკვეული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს, უვადო თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა, შემოსავლების კონფისკაცია.

რა ურთიერთიმამრთებაა საერთაშორისო სისხლის სასამართლოსა და ეროვნულ სასამართლოებს შორის? 7

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო თავის საქმიანობას ახორციელებს კომპლემენტარობის პრინციპის საფუძველზე, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ თუ სახელმწიფოს შეუძლია შესაბამისი ფიზიკური პირები დასაჯოს, სასამართლო სამართალწარმოებას არ დაიწყებს.

რას ნიშნავს კომპლემენტარობის პრინციპი? 8

კომპლემენტარობის პრინციპის თანახმად სასამართლოს სიტუაციის გამოძიებას დაიწყებს თუ სახელმწიფოს არ სურს ან არ შეუძლია გამოძიების ჩატარება და შესაბამისი პირებისთვის სისხლისსმართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

არის თუ არა საქართველო რომის სტატუტის წევრი? 9

=დიახ . საქართველომ რომის სტატუტის რატიფიკაცია მოახდინა 2003 წელს.

იძიებს თუ არა სასამართლო საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომთან დაკავშირებულ სიტუაციას? 10

დიახ. სასამართლომ 2015 წელს მოახდინა გამოძიების ავტორიზაცია და დღემდე მიმდინარეობს გამოიძება.

ვინაიდან რუსეთი არ არის რომის სტატუტის წევრი, შეძლებს სასამართლო რუსეთის მოქალაქეებს წარუდგინოს ბრალდებები? 11

დიახ შეძელბს. მოქალაქეობრივ კუთვნილებას არ აქმვს მნიშვნელობა. გადამწყვეტია ის, რომ წევრი საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა დანაშაული.

შეუძლიათ თუ არა დაზარალებულებს სამართალწრმოების პროცესში ჩაებან? 12

დიახ. მოსამართლეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ წინასასამართლოს პალატისთვის დაზარალებულების მიერ წერილობით მიწოდებული ინფორმაცია. ასევე სასამართლო პროცესზე არის მხარე, რომელიც მსხვერპლთა ინტერესებს იცავს.

რა მნიშვნელობა აქვს სიტუაციის გამოძიებას საქართველოსთვის? 13

პირველ რიგში კარგი საშაულებაა მართლმსაჯულების განსახოციელებლად. ასევე თუ რუსი სამხედრო პირები იქნებიან ცნობილნი დამნაშვეებად ეს გაამაყარებს საქართველოს პოზიციას, რომ რუსეთმა განახორციელა აგრესიის აქტი და ტერიტორიების ოკუპაცია.

რა კავშირი აქვს „უფლებები საქართველოს“ სასამართლოსთან? 14

ორგანიზაცია იცავს მსხვეპლთა ინტერესებს. ასევე აღსანიშნავია ორგანანიზაციის ინფორმაციული როლი.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!