შესვლა

„უფლებები საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, მოახდინონ სათანადო რეაგირება ძალადობრივი ჯგუფების მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე

5 ივლისი, 2021

(ფოტო: რადიო თავისუფლება)

„უფლებები საქართველო“ საგანგაშოდ მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ უზრუნველყო ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებისათვის კონსტიტუციით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლების რეალიზების ხელშეწყობა და დროულად და ეფექტიანად არ აღკვეთა მედიის წარმომადგენლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული მომეტებული რეალური საფრთხე.

დღეს, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა ძალადობრივი ჯგუფებიდან მომდინარე საფრთხისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობიდან გამომდინარე, ღირსების მარშის საორგანიზაციო ჯგუფი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი მსვლელობა. ამასთან, საგანგაშოა, რომ მედიის წარმომადგენლები გახდნენ ძალადობრივი დაჯგუფებების მთავარი სამიზნე. MediaChecker-ის ინფორმაციით, სხვადასხვა მედიის წარმომადგენელზე თავდასხმის 40-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა.

დღეს, დილის საათებიდან, საზოგადოება მომსწრე გახდა, ძალადობრივი ჯგუფების იმგვარი ქმედებების, რაც სცილდება მშვიდობიანი კონტრმანიფესტაციის ფარგლებს, წარმოადგენს სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებში უხეშ ჩარევას და სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლების მხრიდან დროულ, ეფექტიან და პროპორციულ რეაგირებას საჭიროებს. სახელმწიფო უწყებებმა, არათუ არ აღკვეთეს ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებიდან მომდინარე საფრთხე, არამედ, ერთგვარად წაახალისეს მათი ძალადობა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობრივი ჯგუფების დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციის და აღკვეთის სანაცვლოდ, არაერთხელ მოუწოდა ლგბტქი+ თემის წევრებს და აქტივისტებს უარი ეთქვათ ღირსების მარშის ჩატარებისაგან. საქართველოს პრემიერ მინისტრმა კი, დღის პირველ ნახევარში ცალსახად განაცხადა, რომ მიზანშეუწონლად მიიჩნევს ღირსების მარშის რუსთაველის გამზირზე ჩატარებას.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, ლგბტქი+ თემის წევრებსა და აქტივისტებს, სახელმწიფოს მხრიდან ძალადობრივი ჯგუფებიდან მომდინარე საფრთხეებზე აპელირებით, შესაძლებლობა არ ეძლევათ, მშვიდობიანად, არაპროპორციული შეზღუდვების გარეშე ისარგებლონ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით. ამასთან, დღეს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული უმძიმესი ვითარება.

„უფლებები საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, მოახდინონ სათანადო რეაგირება ძალადობრივი ჯგუფების მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე. თავის მხრივ, „უფლებები საქართველოს“ გუნდი მზადყოფნას გამოთქვამს, დაიცვას დაზარალებული ჟურნალისტების, ოპერატორების, მშვიდობიანი მანიფესტანტების და უფლებადამცველების უფლებები და ინტერესები.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!