შესვლა

„უფლებები საქართველოს“  მოსაზრება ჟურნალისტის საკანონმდებლო დეფინიციის შესახებ

2 აპრილი, 2021

კახი კახიშვილის წინადადება საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფის რისკებს შეიცავს

რამდენიმე დღის წინ,  ქართული ოცნების დეპუტატი კახი კახიშვილი გამოვიდა წინადადებით, რომ კანონმდებლობით განისაზღვროს, თუ ვინ შეიძლება იყოს ჟურნალისტი.  

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „უფლებები საქართველომ“ შეისწავლა საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკა და მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული წინადადება საკანონმდებლო ინიციატივის ფორმას მიიღებს, არსებობს რისკი იმისა, რომ უგულებელყოფილ იქნას ამ კუთხით არსებული საერთაშორისო სტანდარტები, რომელთა გათვალისწინების ვალდებულებაც საქართველოს უკვე აღებული აქვს. 

საგულისხმოა, რომ თანამედროვე ციფრულ ეპოქაში მედიის ახალი ფორმების მხედველობაში მიღებით, საერთაშორისო სამართალი მედია აქტორების განვრცობით განსაზღვრებას ითვალისწინებს.

თავდაპირველად ეს განმარტება გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გააკეთა.(1)  კერძოდ, მედია აქტორი არ გულისხმობს მხოლოდ პროფესიონალ ჟურნალისტსა და სხვა ტრადიციულ მედია აქტორს. ეს განსაზღვრება მოიცავს სხვა აქტორებსაც, რომლებსაც წვლილი შეაქვთ საზოგადოებრივ დისკუსიაში, ასრულებენ ჟურნალისტურ საქმიანობას ან ასრულებენ „საზოგადოებრივი დარაჯის“ ფუნქციებს. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის 34-ე ზოგადი კომენტარის თანახმად,  ჟურნალისტიკა არის ფუნქცია, რომელსაც აქტორების ფართო წრე ასრულებს, მათ შორის, როგორც სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესიონალი კორესპონდენტები და მიმომხილველები, ისე ბლოგერები და სხვები, რომლებიც ეწევიან თვითპუბლიკაციას ბეჭდურ მედიაში, ინტერნეტსა და სხვაგან.

გაერთიანებული ერების ეს მიდგომა  ასევე გაზიარებულია ევროპის საბჭოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ.(2)

იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს აღებული აქვს პოლიტიკური ვალდებულება მოიაზროს მედია აქტორებში პირთა ფართო წრე და უზრუნველყოს შესაბამისი პირები საერთაშორისო სამართლით აღიარებული და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით, „უფლებები საქართველო“ მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს, ჟურნალისტის დეფინიციის განსაზღვრის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების შემთხვევაში სრულად გაითვალისწინოს, საერთაშორისო პრინციპები და სტადარტები და არ შექმნას ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვის საფრთხე. 

---------------------

(1) გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2011 წლის 29 ივლისის სხდომაზე მიღებული იქნა ახალი 34-ე ზოგადი კომენტარი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლზე, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ითვალისწინებს. 

(2) ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2016 წლის 13 აპრილის რეკომენდაცია CM/Rec(2016)4 წევრი სახელმწიფოების მიმართ ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ; დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ცენტრი უკრაინის წინააღმდეგ (Centre for Democracy and the Rule of Law v. Ukraine), განაცხადი no. 10090/16, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2020 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!