შესვლა

„უფლებები საქართველო“ ეხმიანება ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებით ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს

1 მარტი, 2021

1-ელ მარტს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ სარჯველაძის, მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

„უფლებები საქართველო“ ეხმიანება საქართველოში მყოფი უცხოელი მიგრანტების მიერ ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით ინიცირებულ ცვლილებებს და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ცვლილებებზე მსჯელობის პროცესში მაქსიმალურად გაითვალისწინოს მიგრანტების უფლებების დაცვის სათანადო სტანდარტის უზრუნველყოფის აუცილებლობა.

ინიცირებული კანონპროექტის თანახმად[1], მათ შორის: 

- ვიწროვდება, ოჯახის გაერთიანების საფუძვლით ბინადრობის ნებართვის მიღების თაობაზე განმცხადებელ პირთა წრე და შემოიფარგლება მხოლოდ უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილსა და არასრულწლოვნის მშობელზე;
- საქართველოში 6 წლის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლების არსებობისას, უცხოელს შეეძლება დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელება 12 წლამდე;
-  С კატეგორიის ორდინალური ვიზის საფუძველზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვება. 

ინიცირებული ცვლილებები რიგ შემთხვევებში ართულებს საქართველოში მცხოვრები მიგრანტებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურებს, ხოლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებებს კიდევ უფრო აფართოებს. 

„უფლებები საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

-  უზრუნველყოს საქართველოში მცხოვრები მიგრანტების უფლებების სათანადო დაცვის გარანტიები;
-  ცვლილებები განისაზღვროს იმგვარად, რომ არ გააუარესოს მიგრანტების უფლებრივი მდგომარეობა;
-  ცვლილებებზე მსჯელობისას წარმოადგინოს შესაბამისი დასაბუთება, საუკეთესო რეგიონალური და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.

-----

[1] განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. [ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2NM4HjX]   

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!